პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმი კარდიოლოგმა ზურაბ ფაღავამ დატოვა.
როგორც ფაღაცა ამბობს, კონსილიუმი პირადი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა. მისივე თქმით, თუ ჩაანაცვლებენ, ჩაანცვლონ, თუ არადა, როცა უკეთ გახდება, შესაძლოა, კონსილიუმს დაუბრუნდეს.
„იუსტიციის მინისტრს მე მხოლოდ ერთხელ შევხვდი. ჩვენ მათ ავუხსენით რას გულისხმობს პროფილაქტიკური ჰოსპიტალიზაცია და მათ ჩაინიშნეს დღის წესრიგში, რომ შეარჩიონ კლინიკა. ჩვენ ჩვენი დასკვნა დავწერეთ და ხელი მოვაწერეთ. იქ ცალსახად წერია, ჩვენ ასე ვთვლით, რომ მდგომარეობის ასეთი და ასეთი განვითარების შემთხვევაში, რეკომენდებულია ჰოსპიტალიზაცია მრავალპროფილურ, მაღალკვალიფიციურ კლინიკაში“, — განაცხადა ფაღავამ „მთავარ არხთან“ სატელეფონო ინტერვიუში.
ფაღავას გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ზურაბ ფაღავას სატელეფონო ინტერვიუ „ტვ პირველთან“, სადაც მან თქვა, რომ კონსილიუმმა სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა.
„დავწერეთ ტიპი კლინიკის, როგორ კლინიკაში ჯობია რომ იყოს გადაყვანილი.დავწერეთ, რომ ეს არის მრავალპროფილური კლინიკა, სადაც უნდა იყოს სადიაგნოსტიკო საშუალებები და სხვადასხვა პროფილის ექიმები. ვინაიდან დგება ისეთი მომენტი უკვე და უკვე მეტად ჩნდება ისეთი სიმპტომები, რომელიც შემაშფოთებელია“, — განაცხადა ფაღავამ.
ფაღავას მიერ კონსიულიუმის დატოვებას დღეს, 25 ოქტომბერს, გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე და განაცხადა, რომ მისთვის ამის მიზეზი უცნობია.
„რატომ დატოვა ბატონმა ფაღავამ კონსილიუმის შემადგენლობა, ჩემთვის უცნობია. ვეცდები, რომ გავესაუბრო და გავერკვიო ამ მიზეზშიც. აქვე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველა ექიმს“, — განაცხადა რატი ბრეგაძემ.
იუსტიციის მინისტრმა გუშინ, 24 ოქტომბერს განაცხადა, რომ სააკაშვილის მისაღებად გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულება სრულად გამართულია. გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულება ციხის ის კლინიკაა, სადაც იუსტიციის სამინისტრო საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას გეგმავს. თავად სააკაშვილი აღნიშნულ კლინიკაში მოთავსებაზე უარს ამბობს.
„ეს რეანიმაციული განყოფილება, რომელიც ორ ადგილზეა გათვალისწინებული, აღჭურვილია უახლესი აპარატურით, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატით, დეფიბრილატორით, კარდიომონიტორით, ინფუზიის აპარატით, რაც აუცილებელია ელექტროლიტური დისბალანსის შემთხვევაში სითხეების და ელექტროლიტების გადასხმისა და მონიტორინგისთვის. ამდენად, აქ არის ყველა ტექნოლოგიური პირობა, რათა უსაფრთხოდ განხორციელდეს ინტენსიური თერაპია, პაციენტზე დაკვირვება; ასევე, პერსონალი, რომელიც მობილიზებულია კონკრეტულად ამ განყოფილებაში სამუშაოდ, არის ძალზედ გამოცდილი, უდიდესი კვალიფიკაციის.
ამდენად, ვფიქრობთ, რომ ხარისხი, რაც იქნება – ამ შემთხვევაში სამედიცინო სერვისის, არის სრულიად შესაფერისი ნებისმიერ სტანდარტთან, რომელიც მისაღებია როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე საერთაშორისო დონეზე. ამდენად, ვფიქრობთ, რომ ეს განყოფილება სრულად გამართულია, რომ პაციენტი მიიღოს და უმკურნალოს“, — განაცხადა 24 ოქტომბერს რატი ბრეგაძემ.
ციხის საავადმყოფო გუშინვე შეამოწმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ. როგორც სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე ომბუდსმენის შეფასებით, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.
მიხეილ სააკაშვილი 25-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. ის აცხადებს, რომ სანამ პატიმრობაშია, საკვების მიღებას არ აპირებს, თუმცა თანახმაა მედიკამენტოზურ ჩარევაზე.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, წუხელ ღამით ექსპრეზიდენტის ანალიზებში “ერთ-ერთი სასიცოცხლო მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვრამდე დაეცა”. მისი სიტყვებით, “საჭირო გახდა რეანიმატოლოგთა ჩარევა, რის შემდეგაც დასტაბილურდა ეს მაჩვენებელი”.
„ეს ადასტურებს იმას, რაც კონსილიუმმა თავის დასკვნაში თქვა, რომ ახლა შიმშილობის ისეთ ფაზაში შედის მესამე პრეზიდენტი, რომ ნებისმიერ დროს არის მოსალოდნელი ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება და შესაბამისად, დღის წესრიგში დადგება დაუყოვნებლივი სამედიცინო სერვისის გაწევა“, — დასძენს ის.
“ნეტგაზეთი”