ამერიკელი დიპლომატი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, დენიელ ფრიდი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე საუბრობს.
ფრიდი აღნიშნავს, რომ არასოდესაა კარგი, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი დაპატიმრებულია.
„არასოდესაა კარგი, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი დაპატიმრებულია. ეს ზოგადად არ არის ის, რასაც დემოკრატიები აკეთებენ. ეს არასოდესაა კარგი. მიხეილ სააკაშვილი დამყოფი ფიგურაა. ის გამოკვეთილ ყურადღებას იქცევს, დრამატულია. მაგრამ ჩემთვის ასევე მკაფიოდ ჩანს ის, რომ საქართველოს საზოგადოების მხრიდან აღარ აქვს ის პატივისცემა, რომელიც მისი მმართველობის საწყისს წლებში ჰქონდა. შეიძლება, ის საქართველოში იმ ოცნებით დაბრუნდა, რომ ხელახალ ვარდების რევოლუციას მოაწყობდა. მე ამას უბრალოდ ვერ ვხედავ. რევოლუციების დრო აღარ არის, ააშენე პოლიტიკური პარტია, თავი მოაწონე ამომრჩეველს და გაიმარჯვე არჩევნებში.” – თქვა ფრიდმა.
დიპლომატი ასევე აღნიშნავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა აჩვენა, რომ ქართულ ოცნებას დიდი მხარდაჭერა აქვს და ოპოზიცია ძლიერად არის წარმოდგენილი ბევრ ქალაქსა და ბევრ ადგილობრივ მთავრობაში.
„მე ეუთო/ოდირის ანგარიში წავიკითხე. ეს არჩევნები დარღვევებით ჩატარდა და მთავრობისგან უკეთესის მოლოდინი მაქვს, მაგრამ ამ არჩევნებში პოლიტიკური ძალები ერთმანეთს შეეჭიდნენ. ეს არ იყო ისეთი არჩევნები, როგორიც, მაგალითად, რუსეთში ჩატარდა. ეს არჩევნები იყო ხარვეზიანი, ოღონდ კონკურენტული. ეს არის სწორედ ის რაც პოლიტიკურმა ძალებმა უნდა გააკეთონ. მე არ მომწონს ის რომ სააკაშვილი უცებ პარაშუტით ჩამოფრინდა და გადაწყვიტა, რომ ცხენზე ამხედრებული მოვლენოდა ქვეყანას, მაგრამ მეორე მხრივ არის მისი ადგილი ნამდვილად ციხეში? მისი ციხეში ყოფნა ქართულ ოცნებას ვნებს“, – აღნიშნა ფრიდმა.
ინფორმაციისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის პენიტენციური სისტემის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და განაცხადა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორე მხრივ, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძის თქმით, ექიმები ამბობენ, რომ ციხის საავადმყოფო სრულად გამართულია მიხეილ სააკაშვილის მისაღებად.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, ციხის საავადმყოფო მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების მინიმალურ გარანტიასაც არ უზრუნველყოფს და მისი ინფორმაციით, იქნება ე.წ იმიტირებული ბუნტი, რომელიც დასრულდება სააკაშვილის ლიკვიდაციით.