კინორეჟისორ მიხეილ ჭიაურელის ცხოვრების დიდ გზაზე ბევრი დარდი და ვარამი იყო.
ყველა გადაიტანა და დაივიწყა, მაგრამ ბავშვობის ტრაგედია, რომელიც მის ძმასთან იყო დაკავშირებული, მუდამ აღელვებდა და მისი მოგონება ძალიან უმძიმდა.
რეჟისორი მშობლების – ედიშერისა და სოფიოს, ნაბოლარა შვილი იყო. მას სამი ძმა და ერთი და ჰყავდა – ალექსანდრე, ივანე, ნატალია და ნიკოლოზი. მშობლებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ შვილებისთვის არაფერი მოეკლოთ, ყველას პირველდაწყებითი სწავლა დაამთავრებინეს, ნაბოლარა მიხეილი კი პირველდაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისის სახელოსნო სასწავლებელში მიაბარეს.
სოფიო შვილებს არაფერს აკლებდა, ყველანაირად უფრთხილდებოდა, რომ რაიმე ხიფათი არ დამართოდათ. კვირაძალს ღმერთს რომ წმიდა სანთელს დაუნთებდა და პირჯვარს გადაიწერდა, პირველი მისი ვედრება შვილებზე იყო. ემუდარებოდა მამა ღმერთს, იესო მაცხოვარს და ღვთისმშობელ მარიამს, რომ შვილებისათვის აეცდინათ ჭირი, სატკივარი და უბედურება… მაგრამ ოჯახს უბედურება მაინც ვერ ასცდა – ხელიდან გამოეცალა მეოთხე შვილი ნიკოლოზი: ერთ თბილ მზიან დღეს ბავშვები ეზოში თამაშობდნენ. ნიკოლოზი მოსცილდა ტოლებს, მივარდა ეზოშივე მჯდომ დედას და ატყდა, ნამცხვარი მიყიდეო. სოფიომ შვილს ჯერ უარი უთხრა, მაგრამ რომ ვერას გახდა, გამოუტანა სახლიდან შაურიანი და უთხრა: აჰა, შენ უკვე დიდი ბიჭი ხარ, წადი და შენ თვითონ იყიდეო. ნიკოლოზმა ჩასჭიდა ხელი უმცროს ძმას მიხეილს და ბიჭუნები ეზოდან ქუჩაში გამოვიდნენ. (წყარო: არტინფო) გაემართნენ საფუნთუშესკენ, რომელიც იქვე ახლოს იყო. ეს იყო ბავშვების პირველი „დამოუკიდებელი“ გამოსვლა ქუჩაში. სოფიო ჭიშკარში დადგა და ბავშვებს უთვალთვალებდა. ბიჭებმა მიაღწიეს საფუნთუშეს, იყიდეს ნამცხვარი, გამოვიდნენ ქუჩაში, იქვე ძმურად გაიყვეს და ნამცხვრის ჭამით სახლისკენ წამოვიდნენ. საიდანღაც გამოვარდა დიდი ძაღლი, დაეტაკა ბავშვებს და ნიკოლოზს ნამცხვრის ნაჭერი პირიდან გამოსტაცა. სოფიომ ეს ყველაფერი თავისი თვალით დაინახა, გაქანდა ბავშვებისაკენ, მაგრამ ვერ მოასწრო. ძაღლმა ბავშვს ტუჩი გაუკაწრა და სისხლი წამოუვიდა. შეშფოთდა სოფიო.
ედიშერს გაეგო ეს ამბავი და გულგახეთქილი მოვარდა. იფიქრეს, ძაღლი შეიძლება, ცოფიანიაო და გადაწყვიტეს, შვილი პასტერის სადგურში წაეყვანათ. წასვლამდე მოძებნეს ძაღლის პატრონი, ვინმე ხუდადოვი. მან დაარწმუნა ჭიაურელები, რომ ძაღლი საღ-სალამათი იყო და ცოფიანობისა არაფერი ეტყობოდა. ამიტომ ბავშვი ასაცრელად აღარ წაიყვანეს.
მაგრამ გავიდა დრო და ბიჭუნა საშინელმა სენმა შეიპყრო, რადგან ძაღლი ცოფიანი ყოფილიყო, მოეკლათ კიდეც, ხოლო პატრონს ჭიაურელებისთვის არაფერი შეეტყობინებინა. წამლობა უკვე დაგვიანდა და ნიკოლოზი აუწერელ ტანჯვაში გარდაიცვალა.
ტირილი და გლოვა ოჯახში დიდი იყო. უბედურებამ და-ძმებზე ძალიან იმოქმედა. სოფიო ამ ამბის შემდეგ ღია ფერის სამოსში აღარავის უნახავს, სულ შავებში დადიოდა. ღმერთთან ურთიერთობა ძალიან შეზღუდა, ხანდახან მიამიტად პირჯვარს თუ გადაიწერდა, თორემ კვირაძალს აღარც სანთლებს უნთებდა და აღარც ლოცვა-ვედრებით მიმართავდა…
ქუდი
…მიხეილ ჭიაურელი საბჭოთა კინორეჟისორი იყო და სამშობლოს რწმენითა და ერთგულებით ემსახურა. კანდიდ ჩარკვიანი ლავრენტი ბერიასთან მუშაობდა. როცა სტალინმა ბერია მოსკოვში გადაიყვანა, თანამდებობაზე ჩაენაცვლა და მისი საქმეები გააგრძელა. მიხეილ ჭიაურელს უამბნია, რომ მისი დიდების ჟამს, როცა „ბერლინის დაცემა“ გადაიღო და კინოხელოვნების ლევ ტოლსტოი უწოდეს, როს ცა ქუდად არ მიაჩნდა და დედამიწა ქალამნად, სტალინთან სტუმრად წაიყვანეს; კი არ მიიწვიეს, ორმა ჩეკისტმა მიაკითხა და წაიყვანეს. ოთახში სუფრას პოლიტბიუროს წევრები უსხდნენ, ყველანი გამოუკლებლივ. პურ-მარილს შეექცეოდნენ. თავად სტალინი ოთახში ბოლთას სცემდა. წინ და უკან დინჯად, დაფიქრებული მიმოდიოდა, პირველი შეხედვით ისეთი შთაბეჭდილება შეგექმნებოდათ, თითქოს სტალინი არავითარ ყურადღებას არ აქცევდა სტუმრებს, თითქოს ისინი არ არსებობდნენ.
„მიმყვანეს და მაგიდასთან დამსვეს. არც ჩემთვის მოუპყრია ვინმეს ყურადღება. თითქოს არავინ შემოსულა. პოლიტბიუროს წევრები აგრძელებენ ჭამა-სმას და ერთმანეთთან ხმადაბალ საუბარს. ჩემ წინ ბერია იჯდა. არც ჭამდა, არც სვამდა, არც არავის ელაპარაკებოდა. გაქვავებული სახით წინ რაღაცას მიშტერებოდა. თავი ცუდად ვიგრძენი. არ ვიცი, როგორ მოვიქცე, რა გავაკეთო. ერთხანს მეც გაჩუმებული ვიყავი. ვიმედოვნებდი, იქნებ ვინმე დამელაპარაკოს, იქნებ, ჩემი არსებობა შეამჩნიოს-მეთქი. არაფერი იცვლება, ძველებურად გრძელდება სტალინის წინ და უკან სიარული, პოლიტბიუროს წევრების ჭამა-სმა და საუბარი. ბერია ისევ გახევებული იყურება წინ. სხვა რომ ვერაფერი მოვახერხე, ჭიქაში ღვინო დავისხი და დავლიე. უცებ ვიგრძენი, რომ უსაშველოდ დავთვერი. ერთმა ჭიქა ღვინომ როგორ დამათრო, საწამლავი ხომ არ არის? გამიელვა თავში. ჩვეულებრივი ღვინო იყო, მაგრამ ისე ვარ უკვე შინაგანად მოშლილი, რომ წყალიც კი დამათრობს. რაღაც თუ არ გავაკეთე, შეიძლება, ისტერიკა დამემართოს. ავდექი, ოთახიდან გამოვედი, დერეფნის ბოლოს საპირფარეშოში შევედი. სახეზე ცივი წყალი შევისხი. სული მოვითქვი. რომ დავმშვიდდი, უკან შევბრუნდი და ჩემს ადგილზე დავჯექი“ (ა. ბაქრაძე, თხზულებანი, ტ. IV. „ნიღბების სამყაროში“ გვ. 404-406, თბილისი 2005). კვლავ იგივე განმეორდება და საპირფარეშოში შესულ მიხეილ ჭიაურელს ისტერიული ქვითინი აუვარდება. ორი ჩეკისტი მიეშველება, დაამშვიდებენ და შინ წაიყვანენ. მერე აღარაფერი ახსოვს, მაგრამ, როცა გაიღვიძებს და მშვიდად უნდა ადგეს, საწოლის წინ, დაბალი კარადის თავზე, სტალინის ქუდს დაინახავს. სასოწარკვეთილმა არ იცის, რა იფიქროს და ტელეფონიც დარეკავს, სტალინი გელაპარაკებათო, ეტყვიან და… – როგორ ხარ, მიშა, ხომ არაფერი გჭირდება? – ეკითხება სტალინი, – არაფრის შეგეშინდეს, მაგრად იყავი. ტელეფონი დადუმდება. რამდენიმე წუთში ჩეკისტები მოცვივდებიან, თავაზიანად მოიკითხავენ და სიცილ-ხორხოცით წაიღებენ სტალინის ქუდს. სიცილ-ხორხოცის მიღმა მოჩანს სტალინის ნიშნისმომგები ჩაღიმება ულვაშებში და ბერიას მომნუსხველი თვალები (ბერიას თვალები გინახავთო, თურმე დამმუნათებლებს ეკითხებოდა ბესო ჟღენტი და შიშის ზაფრა უვლიდა გახსენებისას.) ვნახოთ, როგორ მოგვითხრობს იგივე ქუდის იმავე ამბავს კანდიდ ჩარკვიანი: „დროდადრო სტალინთან სტუმრობამ ჭიაურელს, ეტყობა, დისტანციის გრძნობა მოუდუნა. 1940 წელს, არ მახსოვს რომელ თვეში, სტალინის დაცვის თანამშრომელმა დამირეკა და გადმომცა, რომ მიხეილ ჭიაურელს ერთი ასეთი სტუმრობისას სტალინის ქუდი წაუღია. ამხანაგმა სტალინმა ქუდი თავის ადგილას ვერ ნახა. ვეძებეთ, მაგრამ ვერსად აღმოვაჩინეთ. ამ ფაქტის შესახებ თქვენ უნდა იცოდეთო. მაშინვე მენიშნა – ერთადერთი სტუმარი, რომელსაც შეეძლო ქუდი სუვენირად წაეღო, მიხეილ ჭიაურელი იყო: მიხეილ ჭიაურელი „ფიცის“ დასადგმელად ემზადებოდა და სტალინის ქუდი სურათის მთავარი გმირის კოსტიუმისათვის ფასდაუდებელი ნაწილი იქნებოდა. მიხეილ ჭიაურელი სასწრაფოდ მოვაძებნინე, დაუყოვნებლივ მივაკითხეთ და ქუდი დავიბრუნეთ, თვითონ კი ცენტრალურ კომიტეტში დავიბარე. – შევცდი, წამოვიღე, არ მეგონა, თუ ასეთი ამბავი ატყდებოდაო, – გულუბრყვილოდ განაცხადა შეცბუნებულმა მიშამ. მე განვუმარტე ჩვენ სახელოვან რეჟისორს, რომ სტალინთან სტუმრობის პატივი სრულებითაც არ იძლევა მასთან გაშინაურების უფლებას, ხოლო მის გარდერობში ხელის ფათური – დიდი კადნიერებაა. ღვინომ მიქნა, ცოტა მეტი დავლიე, ალბათ, მაპატიებს ამხანაგი სტალინიო (ავტორი პ. ჩხეიძე). ჩვენი რეჟისორის იმედი გამართლდა – სტალინი ამ შემთხვევას მხოლოდ სიცილით იგონებდა (კანდიდ ჩარკვიანი, „სტალინთან ურთიერთობის ეპიზოდები“, გვ. 45-46, თბილისი, 2015)