რუმინეთის სენატმა COVID-სერტიფიკატების შემოღებას მხარი არ დაუჭირა

რუმინელმა სენატორებმა მხარი არ დაუჭირეს კანონს, რომელიც სამედიცინო პერსონალს, საჯარო სექტორის მუშაკებს და მსხვილ კერძო კომპანიებს, COVID-ვაქცინაციის სერტიფიკატს ავალდებულებდა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.

კანონპროექტს, რომელიც ქვეყანაში COVID-19-ის ვაქცინაციის მაჩვენებლის გაზრდის მიზნით შეიქმნა, რამდენიმე ხმა დააკლდა.

თუმცა, საბოლოო სიტყვა რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატას აქვს და შესაძლოა, მან ამ გადაწყვეტილებას გადახედოს.

რუმინეთი ევროკავშირში მეორე ყველაზე ნაკლებად ვაქცინირებული ქვეყანაა და ამჟამად იქ კორონავირუსის მკვეთრი აფეთქებაა.

კანონპროექტი დასაქმებულებისგან ვაქცინაციის, გამოჯანმრთელების ან COVID-19-ზე ტესტის უარყოფით პასუხს ითხოვს. ამასთან, ტესტის საფასურს ისინი თავად გადაიხდიან. შეუსრულებლობა დამსაქმებლების ჯარიმას და ანაზღაურების გარეშე 30 დღით მუშაობის უფლების შეჩერებას ან თანამშრომელთან შრომითი კონტრაქტის შეწყვეტასაც კი გამოიწვევს.

კანონპროექტს ოპოზიციური მემარცხენე, რუმინეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის და ულტრანაციონალისტური AUR-ის კანონმდებლებმა არ დაუჭირეს მხარი. მათი თქმით, თუ კანონი დამტკიცდება, ისინი მას, მისი დისკრიმინაციული ხასიათის გამო, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

 

“ალია”