არ მგონია, ამ აქციამ და გამოსვლებმა არჩევნებზე სერიოზული ელექტორალური მოზიდვა გამოიწვიოს – ასეთი აქცია, როდესაც ხელისუფლება აკეთებს, როგორც წესი, უფრო უკუშედეგის მომტანია, ვიდრე დადებითის – ამის შესახებ ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ „ქართული ოცნების“ მიერ გუშინ გამართული აქციის შეფასებისას „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
რაც შეეხება აქციაზე მმართველი გუნდის ლიდერების გამოსვლებს, როგორც ძაბირაძე აღნიშნავს, „ღარიბაშვილმა ღარიბაშვილს გადააჭარბა“.
„მიზანთან დაკავშირებით თავად ხელისუფლება ამბობს, რომ შემაჯამებელი აქცია იყო. მაგრამ ერთია, რას ამბობს ხელისუფლება და მეორეა, როგორ აღიქვამს ამას საზოგადეობა. ბუნებრივია, რომ ეს იყო დემონსტრირება, ამის შესახებ, თავადაც ამბობენ ხოლმე. როდესაც პარტიის თავმჯდომარე აცხადებს – ჩვენ იმდენი მძღოლი დაგვჭირდება, რამდენიც ოპოზიციის აქციაზე იყო, იმას მიანიშნებს, რომ ეს მაინც კონტრაქცია იყო. საზოგადოებაც ასევე აღიქვამს. ხალხმრავლობა, მართლაც სერიოზული იყო, მაგრამ როდესაც ხელისუფლება აკეთებს აქციას, იქ ხალხმრავლობა მნიშვნელოვანი არ არის, იმიტომ, რომ ამასაც საზოგადოება აღიქვამს როგორც სახელისუფლებლო რესურსის გამოყენებას. ამიტომ 2012 წლის აქციასთან შედარება არასწორი და არასერიოზულია.
რაც შეეხება თავად აქციის შინაარსს, ბუნებრივია, ყველამ იცოდა, რომ ეს აქცია ძირითადად მაინც ყოფილი ხელისუფლების კრიტიკისადმი იქნებოდა მიძღვნილი, მაგრამ პირადად ჩემთვის საკმაოდ დამთრგუნველად იმოქმედა იმ ფაქტმა, რომ ღარიბაშვილმა ღარიბაშვილს გადააჭარბა ისეთი გამოსვლა იყო. „სასწაული“ გამოსვლა ჰქონდა“, – განაცხადა ძაბირაძემ.
მისივე თქმით, მმართველი პარტიის აქცია ისეთი მომგებიანი არ იქნება, როგორც ეს ხელისუფლებას ჰგონია.
„ჩემი აზრით, არც ისე მომგებიანი იქნება როგორც ეს ხელისუფლებას ჰგონია. მათ რაღაცნაირად უნდოდათ რეანიმირება გაეკეთებინათ 2012 წლის აქციისთვის, მაგრამ ეს არ გამოდის. მაშინ ადამიანები, ვინც იქ მივიდნენ, მართლა მივიდნენ იმიტომ, რომ ხელისუფლების მოწინაღმდეგეები იყვნენ. დღეს, როდესაც ავტობუსებით ჩამოგყავს, ადმინისტრაციულ რესურსებს იყენებ და ა.შ. ყოველ შემთხვევაში ეჭვებია ასეთი – ასეთი აქციები სხვაც გვინახავს და ამას არასდროს ისეთი შედეგი არ გამოუწვევია, რომ ღირებულიყო ამის ჩატარება. ამას ჯობდა, სადაც თვითმმართველობის არჩევებია, იმ ქალაქებში გაეკეთებინათ აქციები ან რეგიონალურ ცენტრებში, ცენტრალურ ქალაქებში. იმერეთში ორ თუ სამ რაიონშია მუნიციპალური არჩევნები და მაგალითად, ქუთაისში გაეკეთებინათ. რაღაც ასეთი ჯობდა, ჩემი აზრით, ვიდრე თბილისში ყველას ჩამოყვანა“ – განაცხადა ძაბირაძემ.
ცნობისთვის, თბილისში „ქართული ოცნების” მხარდასაჭერი აქცია გუშინ გაიმართა. პარტიის შემაჯამებელი აქცია, რომელიც თავისუფლების მოედანზე მოეწყო, 17:00 საათზე დაიწყო და დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა. აქციას ჩამოყვანილი მოქალაქეები, სხვადასხვა რეგიონიდან შეუერთდნენ.
აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს „ქართული ოცნების“ ლიდერებმა, მათ შორის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ. მათ მოქალაქეებს 30 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე მისვლისკენ მოუწოდეს.
წყარო: ptn.ge