“ვაკის პარკის კასკადი იქნება ისეთი ლამაზი, როგორიც საბჭოთა კავშირის დროს გვახსოვს” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ვაკის პარკში დაწყებულ და დაგეგმილ სამუშაოზე საუბრისას განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ვაკის პაკი, როგორც საბჭოთა კავშირის დროს იყო მოწესრიგებული და განახლებული მსგავს იერ-სახეს დაიბრუნებს.

„რითიც გამოირჩეოდა ვაკის პარკი, ეს იყო იქ არსებული კასკადი, რომელიც დღეს ამორტიზირებულია, დანგრეული, განადგურებულია და მთლიანად იქნება მოწესრიგებული. განახლების სამუშაო დაწყებულია. ამ პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება და მოპირკეთდება არსებული სივრცე, მთლიანად შეიცვლება წყალმომარაგების სისტემაც და იქნება როგორც ეს წლების წინ – საბჭოთა კავშირის პერიოდში იყო. გვახსოვს, როგორი სილამაზე იყო, როდესაც წყალი ჩამოედინებოდა ამ კასკადზე. თავისი განათების სისტემებით, ყველანაირად იქნება განახლებული და მოწესრიგებული. უახლოეს მომავალში ესეც იქნება დამთავრებული და მთლიანად შეიკვრება პროექტი“, – განაცხადა კახა კალაძემ.