იქნება განცხადებები იმის თაობაზე, რომ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია, თუ ნომერი 5 არ შემოიხაზება

ვფიქრობ, არჩევნების წინ სერიოზულ სპეკულაციებს ექნება ადგილი, ეს არ არის მიხეილ სააკაშვილის ბოლო განცხადება,რომელიც მის მიერ იქნება გამოქვეყნებული – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის განცხადებები წინასაარჩევნო ფანდია და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ვოლსკის განცხადებით, ოპონენტებს მისი კერძო კლინიკაში გადაყვანა არეულობის შესაქმნელად სურთ.

– “მოველი, რომ იქნება განცხადება იმის თაობაზე, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია, თუ ნომერი 5 არ შემოიხაზება. ეს არის წინასაარჩევნო ფანდი, მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს არაფერი ემუქრება, რადგან ამაზე პასუხისმგებელი არიან მაღალკვალიფიციური ექიმები, სამედიცინო პერსონალი და საპატიმროს პერსონალი, განსხვავებით იმისგან, რასაც სააკაშვილი აკეთებდა ციხეებში, როცა არაერთი ადამიანი ციხიდან გარდაცვლილი გამოჰყავდათ სხვადასხვა საეჭვო მიზეზით.

პატიმარი სააკაშვილი უზრუნველყოფილი იქნება სამედიცინო მომსახურებით, როგორც ეს განაცხადა არაერთმა კომპეტენტურმა ორგანიზაციამ და პირმა, ვინც პასუხისმგებელია ამ საკითხებზე. თუ იმის აუცილებლობა იქნება, რომ პატიმარი სააკაშვილი თუ სხვა, უნდა გადავიდეს კერძო კლინიკაში, რასაკვირველია, ამაზე შესაბამისმა კომპეტენტურმა სტრუქტურამ უნდა იმსჯელოს და არა პოლიტიკოსებმა, ვისაც სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანა დასახული აქვთ, როგორც ამოცანა არეულობის შესაქმნელად. “ნაციონალური მოძრაობისთვის” პრინციპულია, სააკაშვილი გადაყვანილი იყოს კერძო კლინიკაში არა იმიტომ, რომ მას რაიმე საფრთხე ემუქრება ციხის კლინიკაში, არამედ იმიტომ, რომ დამატებით ბერკეტად გამოიყენონ, არეულობის, დაძაბულობისა და დაპირისპირების შესაქმნელად” – განაცხადა ვოლსკიმ.

წყარო: newposts.ge