პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ სააკაშვილს კარგად ჰქონდა გათვლილი ყველაფერი, როდესაც შიმშილობას იწყებდა:
– ის მზად არის ბოლომდე იბრძოლოს. ახლა, ხელისუფლებისთვის ყველაზე ჭკვიანური ნაბიჯი იქნებოდა, შესუსტდეს პირადი დამოკიდებულება, პირადი ბოღმა და გადასცენ უკრაინას. ამით სახესაც შეინარჩუნებდნენ და მეტიც, შესაძლებელია პოლიტიკურადაც გაანეიტრალონ სააკაშვილი. მერე უკვე სააკაშვილის კარგა ხანს უკან დაბრუნება გამორიცხული იქნებოდა.
ორივე მხარე ძალიან ღრმა ჩიხშია შესული. რასაკვირველია, აქ ხელისუფლების პასუხისმგებლობა გაორმაგებულია. ჩიხიდან გამოსვლას ძალიან გააზრებული, დიპლომატიური სვლა სჭირდება, ისე, რომ სახე შეინარჩუნონ. სააკაშვილზე ბევრი რამე არ არის დამოკიდებული. ციხიდან გვირაბს არავინ გათხრის და არც ციხეს აიღებს ვინმე, ეს გამორიცხულია. ერთადერთი, სააკაშვილს თავგანწირვა შეუძლია. ამიტომ ვამბობ, რომ გადამწყვეტი ხელისუფლება და მისი ქმედებაა. დღეიდან, შეიძლება ითქვას, რომ ყოველი დღე გადამწყვეტია.
შეიძლება ვთქვათ, რომ სააკაშვილის ეპოპეა ფინიშის სწორამდეა გასული. არჩევნების მერე, არ გამოვრიცხავ, დიპლომატიური გადაწყვეტილება იყოს მიღებული და არა – სამართლებრივი.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა