საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული დანაშაულის მსხვერპლის, სანდრო გირგვლიანის მამა გურამ გირგვლიანი საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ საზოგადოებამ არასწორად გაიგო ექსპრეზიდენტის როლი მისი შვილის საქმეში.
“მე ისიც არ ვიცი, რას მოითხოვს სააკაშვილი, რა უნდა, რატომ შიმშილობს… ამბობს, მინდა, ქართველი ხალხი გავათავისუფლოო… რომელი ქართველი ხალხის გათავისუფლება უნდა? ჩემი გათავისუფლება უნდა? იმათი, ციხეებში რომ ამოალპო? ქუჩაში და გინდაც ისე რომ დახოცა, იმათი? მოკლული ბიჭების ძაძებიანი მშობლების და ოჯახების გათავისუფლება უნდა? რამდენი ოჯახი გააუბედურა, რამდენი?! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარტო ერთი სანდრო გადაწონის ყველაფერს.
ბევრმა არც იცის, რომ მკვლელების შეწყალება აქ არაფერ შუაშია, ამას არავინ ედავება. არავინაა ჩახედული სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში. ევროსასამართლო პირდაპირ ამბობს, რომ სააკაშვილი ეხმარებოდა და მფარველობდა დამნაშავეებს, უშუალოდ იყო ჩარეული გირგვლიანის საქმეშიო.
მან ხელი შეუწყო ამ საქმის დაფარვას და ხელი დააფარა დამნაშავეებს. ნებისმიერ პრეზიდენტს შეუძლია შეიწყალოს ის, ვინც მას უნდა, სულაც 100 კაცი რომ ჰყავდეს მოკლული, ეს მისი ნებაა და პრეზიდენტს კანონი აძლევს ამის უფლებას. უბრალოდ, ის ვერ გაიგეს, რატომაა სააკაშვილი სანდროს საქმესთან კავშირში.
კი ბატონო, მათაც წაიღონ ეს საქმე სტრასბურგში და მოიგონ ისე, როგორც ჩვენ მოვიგეთ.
რა უნდა გაკეთდეს, იცით? სააკაშვილს საკნის ოთხივე კედელზე უნდა დაუკიდონ ტელევიზორები და ყველა მათგანში აჩვენონ მისი პერიოდი, უცქიროს, რას სჩადიოდნენ ის და მისი დამქაშები. გაახელს თუ არა თვალს, იქიდან მოყოლებული, სულ თავის კადრებს უნდა უყურებდეს, დაუკიდონ და ძალით აყურებინონ ყოველ დღე“, – ამბობს ის.
წყარო: ambebi.ge