დასაწყისისთვის შეგახსენებთ: მე გახლავართ საქართველოში პირველი და ალბათ, დღემდე ერთადერთი დოკუმენტური რომანის ავტორი – „ნიუ-ბაბილონელი მეთოჯინეები“, რომელიც 2006 წელს გამოქვეყნდა და მთლიანად მიეძღვნა ეკლესიის, მღვდლებისა და მაღალი იერარქების მკაცრ კრიტიკას. ეს ის დროა, როდესაც ეკლესიის ნაკლოვანებებზე მითითებას ერთი-ორი ადამიანი თუ ბედავდა.
დღეს პატრიარქზე, მღვდელმთავრებსა თუ მოძღვრებზე აგდებული საუბარი და შეურაცხყოფა უკვე არა მხოლოდ ყოველდღიური ნორმა, არამედ პროგრესულობის მაჩვენებელიც კი გახდა. საკმარისია „ფეისბუქზე“ ეკლესია ახსენო და უცებ ჩნდება კომენტარები: „ილუშა – კგბ-ს აგენტი“, „ილიათოლა“, ძუნძგლიანები“ და ა.შ.
ჯერ ამხელა კათოლიკოს-პატრიარქი, რა შენი „ილუშაა“?! კაცს მთელი მსოფლიო პატივს სცემს, „სთარები“ ჩამოდიან, ეთაყვანებიან და მის მუხლებზე ცრემლს ღვრიან – რა „ილუშა“, რის „ილუშა“? საიდან ამდენი ზიზღი?! ამგვარი ეპითეტებით შენი ერის სულიერი მამის შემკობა ხომ მდაბიო ფამილარობაა – საკუთარ თავს მაინც ეცი პატივი…
ახლა კი საქმეებზე. გეცოდინებათ, კომუნისტური ეპოქის მიწურულს თითებზე ჩამოსათვლელი მოქმედი ეკლესია-მონასტერი სულს ღაფავდა. ხომ ვერ შემახსენებთ, ვის სახელს უკავშირდება საეკლესიო ცხოვრების აღორძინება – საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს ხომ არა?.. ამხელა ქრისტიანობასა და ყველა გაჭირვებულის თავშესაფარს რომ თავი დავანებოთ, შვილი რომ გათხოვდება ან ცოლს მოიყვანს, ჯვრის დასაწერად ხომ კარგად გარბიხართ ეკლესიაში? რომ გარდაიცვლები, წესი ვინ უნდა აგიგოს?.. შე მართლა „ილუშა“…
ახლა კი მთავარზე! სულ რომ მართლაც ყველა მომაკვდინებელ ცოდვაში იყოს დამნაშავე, პატრიარქი ის კაცია, რომლის დამსახურებითაც საქართველოს ეკლესიამ აღიდგინა ავტოკეფალია! ეს ნიშნავს: ეკლესიის სრული თვითმმართველობას; მმართველი ორგანოების არჩევისა და დანიშვნის, ასევე საეკლესიო ცხოვრების წარმართვის (წმინდა მირონის კურთხევა, კანონიკური განჩინებების გამოცემა და სხვა) დამოუკიდებლობას!
მოკლედ ვიტყვი, ამ უდიდეს ეროვნულ საქმეს, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას თუ შევადარებთ…
არიან ისტორიული პიროვნებები რომელთა დამსახურება, მათი საქმეების მასშტაბის გამო, ადამიანური მსჯავრით აღარ იზომება, ამ ბუმბერაზებზე ჩვენი საუბარი „ლილიპუტების“ „გულივერზე“ ბუტბუტს ჰგავს. ეს სწორედ ის შემთხვევაა, რომ უნდა დადუმდე…
რა „ილუშა“, რის „ილუშა“ – კარგი რა, სირცხვილია!
ახლა, იმაზე არაფერს ვიტყვი, ტელევიზიებში რომ ვიღაც კლოუნები იერარქებს აძაგებენ… იმდენი ტვინი მაინც უნდა გქონდეს, რომ მიხვდე, თუ გსურს საქართველოში პოლიტიკურ მწვერვალს მიაღწიო, ეკლესიას არ უნდა აგინო! ელემენტარული პრაგმატული გათვლაა…
მათ რომ გაკვრით მაინც იცოდნენ, მღვდლის სადღეღამისო სირბილისა და უმძიმესი შრომის შესახებ, ალბათ, შერცხვებოდათ… რა თქმა უნდა, თუ სინდისის ნატამალი მაინც შერჩათ… სწორედ მღვდელმსახურთა მიერ მიტოვებული და გაჩანაგებული მთელი ეპარქიებისა და ეკლესია-მონასტრების აყვავებაზეც არ ვისაუბრებ… რა ჯიპი, რის „აიფონი“?!.. მტრულ გარემოცვაში, სიცივეში, შიმშილში, ტალახსა და უგზოობაში… სირცხვილია, სირ-ცხვი-ლი!
ბოლოს, პირადი გამოცდილებიდან. მღვდლების გაუთავებელი გინება აუცილებლად სრულდება ღმერთის გმობით – ეს კანონია! ასე რომ, კრიტიკა, რა თქმა უნდა აუცილებელია, ოღონდ აქაც დიდი სიფრთხილეა საჭირო და რაც მთავარია, დამცირების გარეშე, მხოლოდ საქმის გაუმჯობესების სურვილით…
ზოგადად კი, გახსოვდეთ: მღვდლები ზეციდან არ ვარდებიან – რაც ერი, ის ბერი, ანუ რაც ჩვენ…
ზ.ო. – 2021, ნოემბერი