ნონა მამულაშვილი – “პარლამენტში შესვლა შეცდომა იყო”

“ახალ თაობასთან” ინტერვიუში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნონა მამულაშვილი ამბობს, რომ პარლამენტში შესვლა შეცდომა იყო.

– პარლამენტში ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ. მაშინ, როდესაც მათ ჰყავთ უმრავლესობა. ისინი აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ჩვენი ხმა არ ისმოდეს იქ. ასე რომ, ჩვენი ხმა ისმის ქუჩაში, ჩვენი ხმა ისმის საერთაშორისო პარტნიორებთან და ეს არის ბრძოლის მეთოდი, რომლითაც ჩვენ გავაგრძელებთ ამ სიბოროტის დამარცხებას.

– პარლამენტში მისაღებია საკონსტიტუციო ცვლილებები. ამ პროცესშიც აღარ მიიღებთ მონაწილეობას?

– ჩვენ ისედაც ბოიკოტში ვართ, ერთადერთი, ჩვენი თანხმობა იყო საკონსტიტუციო ცვლილებებზე და იქაც ვნახეთ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ისე გადაწერეს, რომ აზრი არ ჰქონდა მონაწილეობის მიღებას.  “ქართული ოცნება” ყველაფერ იმას გააკეთებს, რაც ექნებათ დავალებული რუსეთისგან და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შეინარჩუნოს მავნებლური სასამართლო, რომლითაც მართავს ქვეყანას.

– ამ პირობებით 2024 წელს საპარლამენტო არჩევნები ისევ 5%-იანი ბარიერით ჩატარდება და ეს რამდენად სწორია?

– არ გვაქვს დრო 2024 თუ 2025 წლამდე. ხალხო, სახელმწიფო გვერთმევა და რით ვერ გავაგონე ეს ამ ხალხს, სახელმწიფო აღარ გვაქვს, გადაგვყლაპა რუსეთმა. რა 2024?!

– კი, მაგრამ, ერთ-ერთ გზად ესეც ხომ რჩება. კი გადიხართ ქუჩაში, მაგრამ დაამთავრებთ ხელისუფლებას ქუჩიდან და საერთაშორისო ასპარეზის გამოყენებით?

– საერთაშორისო ასპარეზი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იმ ხალხმა ნახა, რომ არჩევნების გზით საქართველოში ცვლილება არ იქნება. ასე რომ, მე ველოდები ძალიან აქტიურ საერთაშორისო ჩართულობას და ასევე, ადგილობრივ დონეზე აქტიურობას.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა