„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, დღეიდან საქართველოში პროტესტის ტალღა იწყება, რომლის მიზანი არჩევნების შედეგების უარყოფასთან ერთად, მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება იქნება.
„ყველაზე დიდი დანაშაულია, როცა გამარჯვებულებს აცხადებ დამარცხებულად, არჩევანს ართმევ საქართველოს მოქალაქეებს და დამარცხებულებს აცხადებ გამარჯვებულად. ეს პასუხგაუცემელი ვერ დარჩება, ამიტომ საქართველო დღეიდან იწყებს პროტესტს, რომელიც ბათუმიდან დაიწყება.
17:00 საათზე ველოდებით ბათუმელებს და არა მხოლოდ მათ, აჭარის მთავრობის შენობასთან, ე.წ. თავისუფლების კვარტალში. ამავე დროს რუსთავის ციხესთან ველოდებით 18:00 საათზე ადამიანებს, ვისაც ადარდებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი და მისი მკვლელობის მცდელობა მანამდე, სანამ არ ვიხსნით მიხეილ სააკაშვილს ამ ბოროტი ხელისუფლების კლანჭებიდან, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, რომ ის ცოცხალი არ იყოს“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.
მისი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს რა გადაწყვეტილებას მიიღებენ პარტიის სხვა დეპუტატები მანდატებთან დაკავშირებით, რადგან ეს საკითხი ახლა არ განიხილება.
„ჩემთვის ეს საკითხი დახურულია, ჩემთვის პარლამენტი აღარ არსებობს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.