“იძულებულები არ გაგვხადონ, რომ ჩვენით გადავიყვანოთ მიშა საავადმყოფოში” – ნანუკა ჟორჟოლიანი

,,უნდა დაიგეგმოს ერთი ძალიან დიდი აქცია ციხესთან, რათა ხელისუფლებას გაუჩნდეს იმის განცდა, რაც ნინო ჯანგირაშვილმა თქვა, ისეთი ადამიანების პოსტებს ვკითხულობ აღშფოთების გამომხატველს მიშას მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომლებიც მიშას მოწინააღმდეგეები იყვნენ, მაგრამ არ უნდათ მათ რომ მონაწილეობა მიიღონ მიშას მკვლელობაში”- განაცხადა ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა გადაცემა ,,რეაქციაში”.

ჟორჟოლიანის თქმით ის კარგად იცნობს მიშას და იცის მისი ხასიათი, გამომდინარე იქიდან, რომ მას უახლოესმა ადამიანებმაც ვერ შეაწყვეტინეს შიმშილობა, არავის მოწოდების საფუძველზე არ შეწყვეტს. ჟორჟოლიანის თქმით მისი დახმარების ერთადერთი გზა, ახლა მისი მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანაა.

,,მიშას თავისი არჩევანი აქვს და ვერავინ ვერ შეძლო მისთვის შიმშილობა გადაეფიქრებინა, უახლოესმა ადამიანებმაც კი, ის არ გადაიფიქრებს ამას. ციხესთან შეკრებილი ადამიანების ერთადერთი მოთხოვნა არის რომ მიშა გადაიყვანონ საავადმყოფოში და იძულებულები არ გაგვხადონ, რომ ჩვენით გადავიყვანოთ ის საავადმყოფოში”, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად, რუსთავის მე-12 ციხესთან პერმანენტული აქციები 2 ნოემბრიდან დაიწყო და ის სააკაშვილის გათავისუფლებამდე გაგრძელდება.

 

“ალია”