ნიკა მელიას განცხადებით, საბოლოო გამარჯვება არის გარდაუვალი

ნიკა მელია: კოალიციური ერთობა არათუ გრძელდება, არამედ გაფართოვდება, ამ ქვეყანას მომავალში უნდა ჰყავდეს კოალიციური მმართველობა.

მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება არ არის ჩვენი უბრალო სურვილი, ეს არის ვალდებულება. თქვენ წინაშე ვდებ ფიცს, რომ ვიბრძოლებ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მის გასათავისუფლებლად, რადაც არ უნდა ძვირად დამიჯდეს ეს – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ, ბათუმში ოპოზიციის მიერ გამართულ აქციაზე განაცხადა.

როგორც მელიამ აღნიშნა, მას სიცოცხლის დათმობის ფასადაც რომ დაუჯდეს, მხარდამჭერებთან ერთად ის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას გადაარჩენს.

– “ღარიბაშვილის, ივანიშვილის, გომელაურების და ლილუაშვილების გასასამართლებელი პრეზიდენტი ამ ქვეყანას არ ჰყავს. მესმის ემოციების და დროის, რომელიც წიკწიკებს. გვინდა, რომ ის მალე გათავისუფლდეს, მაგრამ მერწმუნეთ, რომ მე პირადად სხვა უპირატესი ამოცანა ახლა არ მაქვს. ვალდებული ვარ, რომ ბევრი რაღაც სხვადასხვაგვარად განვსაზღვრო, უდიდესი პასუხისმგებლობა მაქვს თქვენთან ერთად, მაგრამ ძალიან გთხოვთ დაიჯეროთ, რომ სანამ მთავარი ამოცანა მიღწეული არ იქნება, ჩვენ ერთმანეთს მოსვენებას არ მივცემთ.

შეკითხვა, რომელიც ისმის – კოალიციური ერთობა გრძელდება? დიახაც, კოალიციური ერთობა არათუ გრძელდება, არამედ გაფართოვდება, რადგან ის არ იყო ჩვენი წინასაარჩევნო სვლა და გეგმა. ჩემი რწმენაა, რომ ამ ქვეყანას მომავალში უნდა ჰყავდეს კოალიციური მმართველობა. ეს არის შესაძლებლობა, რომ ქვეყანამ ერთხელ და სამუდამოდ უარი უთხრას საბჭოთა წარსულს და სვლა ევროპული ოჯახისკენ განაგრძოს. ასე ფიქრობს ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი, ბიძინა ივანიშვილის გუნდის გარდა“ – განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, ოპოზიცია მოპარული არჩევნების მშვიდობიანი და არაძალადობრივი გზით უკან დაბრუნებას აპირებს.

ამასთან, ნიკა მელიას განცხადებით, გამარჯვება არის გარდაუვალია.

„უკვე ვგრძნობ, რომ შეიძლება შემრცხვეს ჩემი 6 წლის სანდროსი და არ შევირცხვენ თავს. მირჩევნია, მიხეილ სააკაშვილთან ერთად საკანში ვიჯდე, ან საერთოდ არ ვიყო ცოცხალი, ვიდრე ამ უნამუსობას ვუყურო, როდესაც სუს-ი, პროკურატურა, „ძველი ბიჭი,“ კრიმინალი ებრძვის ქართველ ხალხს. ჩვენ არ გვიწერია საკნებში დიდი ხანი ჯდომა, ჩვენს მეგობრებს, რომელთაც აქვს ეს თავისუფლება შეზღუდული, იქიდან გავათავისუფლებთ, მაგრამ ჩვენ რევანშს არ მოვუწყობთ, ვინც ახლა გვებრძვის.

საშინელებებს კადრულობენ – ფული ფულად, დაშინება დაშინებად, ძალადობა ძალადობად, ამის მიუხედავად ვერ მოიგეს არჩევნები. არ ჩათვალოთ მუქარად ბიძინა ივანიშვილო, უბრალოდ ეს არის ქართველი ხალხის დაკვეთა, რომ ჩვენ თქვენთან ძალიან მჭიდრო დაპირისპირებაშიც კი მოვიდეთ, საჭიროების შემთხვევაში, მშვიდობიანად და ხელებაწეულები. სიმრავლით დაგამარცხებთ. არ მიყვარს თარიღების დაკიდება, არ ჟღერს სერიოზულად, შევიკრიბებით და დავასრულებთ, არა! სიურპრიზებსაც მოგიმზადებთ, რომელიც გაგაკვირვებთ და რომელიც გაახარებს ამ ქვეყნის ბევრ ქომაგს. გამარჯვება არის გარდაუვალი, ერთმანეთს შევძახოთ, რომ უკან დახევა არის შეუძლებელი. ჩვენ რატომ ვწელავთ ამ ყველაფერს დროში, იცით? – მთელი მსოფლიოს თვალში ვჩანდეთ ისეთები, როგორებიც ვართ და მათ არ ჩათვალონ, რომ ოპოზიციაც კი ველურია. გვინდა ყველა პროცედურა ამოვწუროთ. ვისაც დაუოკებელი სურვილი გაქვთ, რომ რუსთავში, ციხესთან იდგეთ, არავინ გზღუდავთ, მაგრამ ბათუმშიც საპროტესტო გამოსვლები და აქტივობები უნდა დაიწყოს“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

წყარო: newposts.ge