15 მარტის – 30 სექტემბრის პერიოდში სულ ქვეყანაში კორონავირუსით გარდაიცვალა 5469 ადამიანი.
98,95% მათგანი არავაქცინირებული იყო. 18-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში სრულად ვაქცინაციისგან განპირობებული სიკვდილიანობისგან დაცვა არის 99,37%, ხოლო 60 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ეს მაჩვენებელი 97,8 პროცენტია. ეს არის საერთო ციფრები იმ ოთხივე ვაქცინაზე, რომელიც ქვეყანაში კეთდებოდა, – ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„15 მარტის – 30 სექტემბრის პერიოდში სრულად ვაქცინირებულ პირებში ინფიცირებისგან ვაქცინით განპირობებული დაცვის ეფექტურობა იყო 90%. ამ პერიოდში სრულად ვაქცინირებული პირების ინფიცირების შანსი იყო 9,87%-ით ნაკლები არავაქცინირებულ პირებთან შედარებით. ამ ხნის განმავლობაში ქვეყანაში სრულად ვაქცინირებული იყო 814 851 პირი. აქედან იდენტიფიცირებული იყო 11 403 კოვიდინფიცირება.
15 მარტის – 30 სექტემბრის პერიოდში სულ ქვეყანაში ჰოსპიტალიზებული იყო 53 767 ადამიანი. ვაქცინაციის შემდეგ ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 1 386 ადამიანის. ვაქცინაციის ეფექტურობამ ჰოსპიტალიზაციისგან დაცვის მხრივ შეადგინა 93,4%, მათ შორის 60 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში – 91,7%, ხოლო 18-59 წლის ასაკში – 95%.
60 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში სრულად ვაქცინირებულებში ინტენსიური მკურნალობის საჭიროება 97,5%-ით ნაკლებ შემთხვევაში დგება, არავაქცინირებულ პირებთან შედარებით. 18-59 წლის ასაკის სრულად ვაქცინირებულ მოსახლეობაში ეს მაჩვენებელი 99%-ს შეადგენდა. სულ ინტენსიური მკურნალობა დასჭირდა სრულად ვაქცინირებულ 62 ადამიანს.
15 მარტის – 30 სექტემბრის პერიოდში სულ ქვეყანაში კორონავირუსით გარდაიცვალა 5 469 ადამიანი. 98,95% მათგანი არავაქცინირებული იყო. 18-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში სრულად ვაქცინაციისგან განპირობებული სიკვდილიანობისგან დაცვა არის 99,37%, ხოლო 60 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ეს მაჩვენებელი 97,8 პროცენტია. ეს არის საერთო ციფრები იმ ოთხივე ვაქცინაზე, რომელიც ქვეყანაში კეთდებოდა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
“იმედინიუსი”