პრეზიდენტის განცხადებას სავალდებულო ვაქციანაციასა და კოვიდპასპორტების გამოყენებაზე უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები. ოპოზიციის ნაწილისთვის სალომე ზურაბიშვილის მხრიდან მსგავსი ტიპის მოწოდება არამართებულია.
განმარტავენ, რომ ეს არა პრეზიდენტის, არამედ საკოორდინაციო საბჭოს კომპეტენციაა. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი თვლის, რომ რიგი საკითხები საბჭოს ამ დრომდეც უნდა გადაეწყვიტა, მაგრამ რაც შეეხება არავაქცინერებული პაციენტებისთვის უფასო მკურნალობის გაუქმებას, ეს მათთვის კატეგორიულად მიუღებელია.
“რაც გაახმოვანა ქალბატონმა პრეზიდენტმა, ეს დიდი ხანია უნდა გაკეთებულიყო. გადაწყვეტილებებს პრეზიდენტი არ უნდა ღებულობდეს. საკოორდინაციო არაფრის გამკეთებელი საბჭო რომ არის, აი იმან უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება და დიდი ხნის წინ უნდა მიეღოთ.
მაგრამ, ის ბოლო ფრაზა, რომ არ უმკურნალოთ და ფასიანად ვუმკურნალოთ იმ ადამიანებს, ვინც აცრილი არ არის, ეს ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელს კიმ ჩენ ინსაც არ მოუვა აზრად,” – განაცხადა პარტიის “ლელო საქართველოსთვის” წევრმა, ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში ვახტანგ სურგულაძემ.
მმართველ გუნდში კი პრეზიდენტის განცხადებას დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ რეკომენდაციებს საკოორდინაციო საბჭო ეპიდვითარებიდან გამომდინარე განიხილავს და გაითვალისწინებს.
“პრეზიდენტის ეს მოწოდება, რომ ყველა სექტორი აბსოლუტურად ჩართული იყოს ვაქცინაციის პროპაგანდაში, არის მისასალმებელი. მე რაც ვიცი, მთავრობის აღმასრულებელი ხელისუფლების დღის წესრიგში ნამდვილად დგას ეს საქმე, ისინი მაქსიმალურად აკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ ერთის მხრივ მართული იყოს ეს პროცესი და მეორეს მხრივ იყოს პროპაგანდა ვაქცინაციის მიმართულებით. რაც შეეხება სავალდებულო ვაქცინაციას და კოვიდპასპორტებს, ეს საკითხი განიხილება და როგორც იქნება შესაძლებელი გამომდინარე რეალური სიტუაციიდან, ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული,” – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა.
“რუსთავი2”