მკვლელობაში ბრალდებულ ოლიმპიურ ჩემპიონ ზურაბ ზვიადაურს რამდენიმე დღის წინ ხერხემალზე ოპერაცია გაუკეთდა. კლინიკაში გადაყვანამდე მისი ადვოკატი ამბობდა, რომ ზვიადაურს ხერხემალზე აქვს პრობლემა და დაპატიმრებამდე სამი ოპერაცია აქვს გაკეთებული.
როგორც AMBEBI.GE-სთვის გახდა ცნობილი, ოლიმპიურ ჩემპიონს ოპერაცია კლინიკა “ინოვაში” ნეიროქირურგმა გოგა ჩუტკერაშვილმა გაუკეთა, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, სპორტსმენი ამჟამად ისევ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება და რეაბილიტაციის კურსის გავლაც ციხის პირობებში მოუწევს. ოლიმპიური ნაკრების ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა ზურაბ ზვიადაური ახლახან მოინახულა.
“ზურა მოვინახულე, უკეთესადაა, ოპერაციამ კარგად ჩაიარა და 5 დღეში ისევ ციხეში გადაიყვანეს. მას პრობლემა ჰქონდა ხერხემალზე ძველი ტრავმებისა და თიაქრებიდან გამომდინარე. ახლა ზურას რეაბილიტაცია სჭირდება. ამხელა ოპერაციას რომ გაიკეთებ, მერე კუნთებს აღდგენა სჭირდება და ციხის პირობებში, ეს შეუძლებელია.
ვნახოთ, თვითონაც გააკეთებს პატარ-პატარა ვარჯიშებს და იმედია, კუნთები აღდგება. ზურა ნოემბერში ელოდება შვილს. რაც შეეხება მის ფსიქოლოგიურ და სულიერ მდგომარეობას, ზურა მომხდარს ძალიან განიცდის. ძმა რომ მოგიკვდება ადამიანს და შენც რომ ამ ტრაგედიის მონაწილე ხდები, როგორ იქნები… ვნახოთ, ახლა სასამართლო რას გადაწყვეტს. მე იმ ოჯახსაც მივუსამძიმრე. მოხდა თუ არა მკვლელობა აფექტის ნიადაგზე, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს” – ამბობს ზურაბ კახაბრიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ოლიმპიურ ჩემპიონს ზურაბ ზვიადაურს 27 წლის ნიკა კენჭოშვილის მკვლელობას ედავებიან. გამოძიების ინფორმაციით, წინანდლის ტყეში მომხდარი სისხლიანი გარჩევისას, სადაც სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური, ყოფილმა სპორტსმენმა სასიკვდილოდ დაჭრა ნიკა კენჭოშვილი.
ამბები.ჯი