სალხინოს მამათა მონასტერში ამ ეტაპზე სიმშვიდეა. განკვეთილი ბერებს მიტროპოლიტმა სტეფანემ ალტერნატიულ თვშეფრად ცაგერისა და ლენტეხის ეპარქია შეთავაზა, თუმცა შეთავაზებაზე უარი მიიღო.
განკვეთილი ბერი ათინოგენე ამბობს, რომ ისინი სასამართლოს და სინოდის გადაწყვეტილებებს დაემორჩილებიან და არა კონკრეტული მიტროპოლიტისა:
“თუ ვინმე მოვა, მაშინ ოფიციალური საბუთით უნდა მოვიდნენ, სასამართლოს გადაწყვეტილებით და სასამართლოს განჩინებით ანდა უნდა მოგვიტანონ სინოდის გადაწყვეტილება, რომ სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება ჩვენს განკვეთაზე და ჩვენი ეკლესიიდან გაყრაზე, ან რასაც თვითონ თავისთავში მოიაზრებს და ფიქრობს ეს სინოდალური გადაწყვეტილების დონეზე უნდა იქნეს წარმოდგენილი ჩვენთვის,”- განაცხადა ბერმა ათინოგენემ.
სალხინოს მამათა მონასტრის ყოფილი წინამძღვარი ბერი დანიელი კი აცხადებს, რომ არ აპირებს უსამართლობას შეეგუოს. მისი თქმით, შეკითხვები აქვთ არა მარტო მათ, არამედ მრევლსაც:
“მრევლს აქვს შეკითხვა და მრევლს უნდა თავისი აზრი დააფიქსიროს და მოთხოვნები აქვს იმ საკითხზე რაც მოხდა, რაც აისახებოდა მტარვალობაში, დიქტატორული, ფაშისტური და კომუნისტური იდეებით, რაც სტეფანემ გააკეთა და საპატრიარქო აკეთებს, ამას არ ვიცი რა დავარქვა, ეს არაა ქრისტიანობა და ამას ვერ შევეგუები, ქართველი ხალხი ამას არ უნდა შეეგუოს,”- აღნიშნა ბერმა დანიელმა.
ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება 2019 წლიდან დაიწყო. ეპარქიის ყოფილი წინამძღვარი პეტრე ცაავა საპატრიარქომ მღვდელმთავრობიდან გაათავისუფლა.
ყოფილი ჭყონდიდელი მიტროპოლიტის მხარდამჭერები ეპარქიის ახალ მმართველს, მღვდელმთავარ სტეფანე კალაიჯიშვილს არ ემორჩილებიან და ითხოვენ, რომ საერთო კრებაზე იქნას განხილული პატრიარქის მისამართით პეტრე ცაავას მიერ გამოთქმული ბრალდებების სინამდვილე.
ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა სასულიერო პირი მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხსა და სამონაზვნო აღთქმის დარღვევაში დაადანაშაულა და მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში ეკლესიიდან განკვეთა.
საპატრიარქომ ჭყონდიდის ეპარქიაში წერილი გაგზავნა, რომელშიც მეუფე სტეფანეს მიერ განკვეთილი ბერებისგან საპატრიარქოს სამონასტრო კომპლექსის დატოვებას მოითხოვს. ვადა 4 ნოემბრამდე იყო. თბილისიდან გაგზავნილი წერილი 29 ოქტომბრით თარიღდება, ხელს პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი აწერს.
სასულიერო პირებს, რომლებიც მეუფე სტეფანემ სექტემბრის ბოლოს ეკლესიიდან განკვეთა – სალხინოს მონასტერში ყოფნის ვადა 4 ნოემბერს ამოეწურათ. ხმაური და დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში 5 ნოემბერს დილის 6 საათიდან დაიწყო. სალხინოს ეკლესიაში, სადაც განკვეთილი პირები წირვას ატარებდნენ, მეუფე სტეფანე ჩოხოსნებთან ერთად შევიდა. მიტროპოლიტმა შეკრებილებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა, უარის შემდეგ კი პროცესში სამართალდამცველები ჩაერთვნენ. მათ რამდენიმე პირი ეკლესიიდან იძულებით გაიყვანეს. დაპირისპირების შემდეგ ნაწილი მათგანი პოლიციაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს.
“რუსთავი2”