“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“რატომ დუმს დასავლეთი?
ეს კითხვა აწუხებს ჩემს ნიუსფიდს, რომელიც გაკვირვებას ვერ მალავს, რომ სააკაშვილის პატიმრობაზე დასავლეთი ნელ-თბილი განცხადებებით შემოიფარგლება.
დასავლეთის დუმილს ზოგადი მიზეზიც აქვს და პერსონალურიც.
ზოგადი მიზეზი უბრალოდ ამერიკის და ევროპის პრიორიტეტების შეცვლაა. საქმე აქამდე არ მოვიდოდა, ჩვენი რეგიონი რომ ისეთივე ყურადღების ცენტრში ყოფილიყო, როგორც 9/11-ის შემდეგ მოექცა. (ამაზე ტაბულას არქივში არაერთი სტატიაა და არაერთი ინტერვიუ, ყველაზე კარგი კრაუტჰამერი და ბობ კაგანია, ამერიკის დაღმასვლაზე).
ევროკავშირს თავის შიგნით აქვს კრიზისი – ბრეგზიტი, უნგრეთში დემოკრატიის პრობლემები, აღმავალი პოპულიზმი ცენტრალურ ევროპაში – სამეზობლო პოლიტიკისთვის დიდად ვეღარ ცხელათ.
დასავლეთის ინტერესების შემცირების შესახებ, ნათელი იყო ჩვენთვის და ბუნებრივია, მიშასთვისაც 2012 წელს. მაგრამ ეს არც მოულოდნელი ყოფილა და არც გასაკვირი – ჩვეულებრივი ამბავია ასეთი ტალღები საგარეო ფრონტზე და სწორედ ამიტომაა ჩვენსავით გარდამავალ დემოკრატიებში “მოქცევის” დროს ინსტიტუტების გამყარება მნიშვნელოვანი, რომ “მიქცევამ” არ წაიღოს. ანუ როდესაც შესაძლებლობის ფანჯარა იხსნება და დასავლეთის ფოკუსში ვართ, დემოკრატიისთვის მებრძოლებმა რაც შეიძლება მეტი უნდა მოვასწროთ, რომ ფანჯრის დახურვისას, დემოკრატიის ჟანგბადი გვეყოს – სანამ სრულყოფილ დემოკრატიად შევდგებით.
რაც შეეხება კონკრეტულად სააკაშვილს – პერსონალურად.
სააკაშვილის და დასავლეთის მეგობრობა 90-იან წლებში დაიწყო.
ეს არ ყოფილა არანაირი შეთქმულების ნაწილი.
დასავლეთი პროგრესულ დღის წესრიგს უჭერს მხარს და სააკაშვილში ბუნებრივი მოკავშირე დაინახა, მითუმეტეს არსებული პოლიტიკური სპექტრის ფონზე.
მაშინ, სააკაშვილის ინიციატივა იყო პასპორტებში ეთნიკური გრაფის გაუქმება.
სააკაშვილი აქტიურად იყო ჩართული სიტყვის და ინფორმაციის თავისუფლების კამპანიაში.
სააკაშვილი იბრძოდა სასამართლო სისტემის რეფორმისთვის.
სააკაშვილი იბრძოდა რელიგიური უმცირესობების უფლებებისთვის.
სააკაშვილს კარგად გამოსდიოდა თანამშრომლობა სამოქალაქო ორგანიზაციებთან, რომლებსაც დასავლეთის მხარდაჭერა ჰქონდათ.
მოკლედ სააკაშვილის პოლიტიკური არჩევანები ზუსტად ის იყო, რაც დასავლეთს აინტერესებდა და თანამშრომლობა იოლად შედგა.
ვარდების რევოლუციის შემდეგ მისი და დასავლეთის კავშირი კიდევ უფრო გამყარდა, იმ ლიბერალური რეფორმებიდან გამომდინარე, რაც ვარდების რევოლუციას მოყვა – ვარდების რევოლუცია ფერადი რევოლუციების ყველაზე წარმატებული მაგალითი იყო.
საქმე გართულდა და დასავლეთთან ურთიერთობა დაიძაბა მიშას მეორე ვადაში – ერთი ის, რომ ობამამ რუსეთთან გადატვირთვა დაიწყო და სააკაშვილი ხიჭვად ეჩვენებოდა, მეორე – სააკაშვილის ავტორიტარული მიდრეკილებები მეორე ვადაში ძალიან თვალსაჩინოდ გამოჩნდა, როდესაც რეფორმატორული რეჟიმიდან ძალაუფლების შენარჩუნების რეჟიმზე გადავიდა. არადა, დასავლეთის შეცვლილი პრიორიტეტების პირობებში, კიდევ უფრო საჭირო და მნიშვნელოვანი იყო, რომ დემოკრატიული რეფორმები გაგვეგრძელებინა.
თუმცა, დადგა 2012 წელი და სააკაშვილის რეპუტაცია დასავლეთში დიდწილად რეაბილიტირდა, როდესაც მან რეგიონში არჩევნებით ძალაუფლების გადაცემის პირველი პრეცედენტი შექმნა.
ამ ნაბიჯმა მიშა ისევ შესვა ცხენზე დასავლეთში – ოღონდ როგორც წასული ლიდერი, რომელმაც დემოკრატიული რევოლუცია მოაწყო, ქვეყანაში რეფორმები გაატარა, ბევრიც შეეშალა, მაგრამ სამაგიეროდ, ძალაუფლების არჩევნებით გადაცემის პირველი პრეცედენტი შექმნა და მის მემკვიდრეობას პატივი უნდა ვცეთ.
მაგრამ მიშას თაფლობის თვე დასავლეთთან ძალიან ცოტა ხანს გაგრძელდა, იქამდე, სანამ მიშამ თავისი ახალი პოლიტიკური არჩევანები არ გამოავლინა – უკვე, როგორც ოპოზიციის ლიდერმა და შემდეგ უკვე, უკრაინელმა პოლიტიკოსმა.
სამწუხაროდ, 2012 წლის შემდგომი მიშას პოლიტიკური არჩევანები მკვეთრად დაშორდა დასავლეთის ინტერესებს.
დასავლეთისთვის ნათელი გახდა, რომ მიშა ვერ ეგუებოდა აბსოლუტური ძალაუფლების დაკარგვას.
ის აღარ იყო 90-იანი წლების ახალგაზრდა ლიდერი, რომელიც ლიბერალური დემოკრატიის დამკვიდრებისთვის იბრძოდა. ის თავად გაემიჯნა ვარდების რევოლუციის ლიბერალურ მემკვიდრეობას. მან დემოკრატ მოკავშირეებთან ურთიერთობა გაწყვიტა, მათ „ტრადიციების და რელიგიის წართმევა“ დააბრალა და ფსონი პოპულისტებზე დადო.
თავადაც ბოლომდე გაპოპულისტდა, ორბანს ასახელებდა სამაგალითო პოლიტიკოსად და დასავლეთის კოლონიალიზმზე ალაპარაკდა.
დასავლეთის თვალში მიშას დემოკრატია აღარ აინტერესებდა, ის საკუთარი თავისგან პიროვნების კულტს ქმნიდა და მხოლოდ ძალაუფლების ხელში ჩაგდება სურდა – მნიშვნელობა არ ჰქონდა აქ, თუ უკრაინაში და ამისთვის ყველანაირ მეთოდს იყენებდა, რაც მის ხელთ იყო – აღარც კონტრაქტებს იცავდა.
ამიტომ უჭერდა მხარს დასავლეთი ასე გაშმაგებით საქართველოში პროპორციულ არჩევნებს, რომ ერთპიროვნულად და ერთპარტიულად, ხელისუფლებაში არცერთი პარტიის მოსვლა არ დაეშვა – მაშინ, როდესაც სააკაშვილი მოსყიდულ სულელებად გვაცხადებდა ყველას, ვინც პროპორციული არჩევნებისთვის ვიბრძოდით.
სააკაშვილისთვის პროპორციული არჩევნები მისი აბსოლუტური ძალაუფლების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იყო და მტრებად აღგვიქვამდა ყველას, ვინც ამ პერსპექტივას ხელს ვუშლიდით. მაშინ, როდესაც რეალურად, ეს იყო ერთადერთი გზა, რომ ქართული დემოკრატია და ქართულ დემოკრატიასთან ერთად, თავად სააკაშვილი გადაგვერჩინა.
მოკლედ რომ მოვჭრა, გარდა ზოგადი გეოპოლიტიკური ფონისა, სააკაშვილის პოლიტიკური შინაარსია დასავლეთის დუმილის მიზეზი. ანუ ის, რის გამოც, ჩვენსა და სააკაშვილს შორის ყბადაღებული ფუნდამენტური განსხვავებები გაჩნდა.
მაგრამ ერთია დასავლეთს რომელი პოლიტიკოსის შინაარსი მიაჩნია მიუღებლად, და მეორეა ამ პოლიტიკოსის უფლებები!
მე ვთვლი, რომ დასავლეთმა მძიმე შეცდომა დაუშვა, როდესაც პოლიტიკური დევნის შეწყვეტა ივანიშვილს ყველაფრის წინაპირობად არ დაუყენა – იქნებოდა ეს ვიზა ლიბერალიზაცია, თუ ასოცირების შეთანხმება (ჩვენ ამას ვცდილობდით, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოებამ მაშინ კატასტროფული პოზიცია დაიკავა). ივანიშვილისთვის კარტ ბლანშის მიცემამ გამოიწვია ეს პოლარიზაცია და არა სააკაშვილმა, რომელსაც ბევრი პრობლემა აქვს, მაგრამ ამ ქვეყანას ბიძინა ივანიშვილი მართავს და რაც ამ ქვეყანაში მოხდება, მისი პასუხისმგებლობაა.
მაინც იმედი მაქვს, რომ დასავლეთი იზრუნებს იმაზე, რომ მიშამ სიცოცხლე ბიძინას ციხეში არ დაასრულოს, ისევ და ისევ, ქართული დემოკრატიის ინტერესებიდან გამომდინარე – ეს ძალიან დიდ ტრავმად დარჩება საქართველოს გახლეჩილ მოსახლეობას.
სააკაშვილის სიცოცხლის დაცვით, დასავლეთი ქართული დემოკრატიის და დასავლეთის ინტერესებს დაიცავს!”