“თუ „ნაციონალური მოძრაობის“ მიტინგი გადაიზრდება დესტრუქციაში მობილიზებული გვყავს რამდენიმე ათასი ადამიანი, რომლებიც მზადყოფნაში არიან ყველაფრით …”.
5 ივლისის ძალადობრივი აქციის მონაწილე კონსტანტინე მორგოშია ხვალ ოპოზიციის აქციის პარალელურად მხარდამჭერების მობილიზებას აპირებს.
„პუბლიკა“ დაინტერესდა, კონკრეტულად რა გეგმა აქვს კონსტანტინე მორგოშიას, რა შემთხვევაში გამართავს კონტრაქციას და ვინ არიან თანაორგანიზატორები.
კონსტანტინე მორგოშიას თქმით, ხვალ 6 საათზე თანამოაზრეებთან ერთად ის ფიზიკურად თავის ოფისში აპირებს ყოფნას. ტელევიზიით დააკვირდება მოვლენების განვითარებას. პარალელურად, ენმ-ის მიერ ორგანიზებულ აქციაზე ანონიმურად იქნებიან მათი წარმომადგენლებიც, „რათა აქციის მიმდინარეობასა და მის განვითარებაზე სრული სურათი გვქონდეს.“ – განუცხადა „პუბლიკას“ კონსტანტინე მორგოშიამ.
მისივე თქმით, მობილიზებული ჰყავთ 4-5 ათასამდე ადამიანი და, საჭიროების შეთხვევაში, ეს ადამიანები ერთ საათში გავლენ რუსთაველზე. მორგოშია ამბობს, რომ რუსთაველზე გავლენ იმ შემთხვევაში, „თუ ნაციონალური მოძრაობის მიტინგი გადაიზრდება დესტრუქციაში, დაიწყება ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები და მთავრობა დაანონსებს, რომ ეს არის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა” – ამბობს მორგოშია.
– “მობილიზებული გვყავს რამდენიმე ათასი ადამიანი, რომლებიც მზადყოფნაში არიან საწვავით, ავტოტრანსპორტით და ყველაფრით… და იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ მიტინგი გადაიზრდება დესტრუქციაში, დაიწყება ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები და მთავრობა დაანონსებს რომ ეს არის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, ამ შემთხვევაში, ჩვენ გამოვალთ ქუჩაში. თავიდანვე მიმდებარედ არავინ იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ არ დაგვაბრალონ სახალხო დაპირისპირება” – ამბობს მორგოშია.
წყარო: ptn.ge