მუზეუმი დამთვალიერებელს გახანგრძლივებული დროით უმასპინძლებს

პომპეის არქეოლოგიური საგანძურის საქართველოში მოგზაურობა დასასრულს უახლოვდება. გამოფენას „სიცოცხლე და სიკვდილი – დიდებული პომპეი“ ვანის არქეოლოგიურმა მუზეუმმა სამი თვის განმავლობაში უმასპინძლა, ახლა კი სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმშია წარმოდგენილი.

დღეს, გამოფენის დასრულებასთან დაკავშირებით, მუზეუმი დამთვალიერებელს გახანგრძლივებული დროით უმასპინძლებს და 10:00-დან 20:00-მდე იქნება ღია.

არქეოლოგიური მასალა ძველი რომის დიდებული ქალაქის – ახ.წ. 79 წელს, ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად, ფერფლით დაფარული პომპეის მდიდრულ ცხოვრებასა და მის ტრაგიკულ დასასრულს ასახავს.

გამოფენაზე წარდგენილი იქნება კედლის მხატვრობის ნიმუშები, სახლის სხვადასხვა ნაწილში (ატრიუმი, ტრიკლინიუმი, პერისტილი, ლარარიუმი, ბაღი) აღმოჩენილი მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა და ოქრომჭედლობის გამორჩეული ნიმუშები. მუზეუმის ვიზიტორი გადაინაცვლებს სამყაროში, რომელიც აცოცხლებს ანტიკური ეპოქის იტალიის ერთი ქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებას ახ. წ. I საუკუნეში. ექსპოზიციაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა თაბაშირის მოდელები.

სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გამოფენა 13 ოქტომბერს გაიხსნა.

 

“იმედინიუსი’