როგორც გამაფრთხილებელს მმართველი გუნდისთვის, ფორმალური გამარჯვების მიუხედავად ზოგადქართული, და კატასტროფულს აჭარის მასშტაბით.
სხვათა შორის არაერთხელ მითქვმს სხვადასხვა მედიასაშუალებით, და მიმინიშნებია კიდეც ძალზე დელიკატურად თქვენი გაზეთითაც ცენტრალური „ოცნებისთვის“, იმ სისტემურ ხარვეზებზე და საკადრო გადაცდომებზე, რამაც ამ შედეგამდე მიიყვანა თუნდაც აჭარული „ოცნება“. მოგეხსენებათ, აქტიური ტიპის ბრძოლა არ ამირჩევია; საერთოდ განვერიდე პოლიტიკურ ველს, რადგანაც აქეთ „ოცნება“ იყო, ვისთვისაც ყველა ტექნიკური ნაკლის და შეცდომების კასკადის მიუხედავად არ მსურდა ხელის შეშლა, იქით კი „ნაციონალები“ და მათთან აფილირებული ძალები. არ მინდოდა ვინმეს დაებრალებინა ჩემთვის, რომ „ნაციონალების“, ან თუნდაც მათზე პარაზიტებად მიტმასნულ ძალების საქმეს ვაკეთებდი. მით უფრო, რომ ესოდენ პოლარიზებულ ატმოსფეროში ვერაფერ დიდს გახდები მარტოკაცი. თუნდაც, იმ მომენტამდე, სანამ ასეთი შედეგი დადგებოდა, ეს როცა ყველა თვალნათლივ დაინახვდა ხარვეზებს და მორალურად მზად იქნებოდა ფუნდამენტური ცვლილებებისათვის. სწორად გამიგეთ, არც ვამტყუნებ არავის! რთულია, როცა პროცესში ხარ ჩაბმული, პროცესის შიგნიდან დანახვა და კორექცია, როდესაც სოციალური მეცნიერებების ელემენტარული საბაზისო ცოდნა არ გაგაჩნია. მით უფრო ჩვენნაირ, უამრავ ნარატივში გახვეულ ერში. სიტუაციას უფრო ართულებს ისიც, რომ ქართველებმა, განვვლეთ ურთულესი გზა ნაციონალისტური თრობიდან ლიბარულ ეიფორიამდე, რის გამოც ოპტიკა შერყეულია, პრობლემების დანახვა უფრო ჭირს და მხოლოდ ახლა, სავალალო შედეგების დადგომისას იმედია მოგვეცემა მეტი გონი. შესაძლებლობა, შეცდომების კეთილსინდისიერი ინვანტარიზაციის გზით და სიმართლისთვის თვალებში ჩახედვით, გავიდეთ სამშვიდობოზე. მოკლედ, სტრატეგიული ავტონომიის რეჟიმი ავირჩიე მაგ ეტაპზე მაგიტომაც. კიდეც ვთვლი, რომ მოქალაქეობრივი ვალი პირნათლად მოხდილი მაქვს, რადგანაც რაც შემეძლო გავაკეთე და თანაც ისე, რომ საერთო საქმე არ დამეზიანებინა. სამწუხაროა, რომ ყრუ კედელს შევეჯახე, შეიძლებოდა ეს შედეგი არ დამგარიყო რომ გაეთვალისწინებინათ ჩემი პოზიცია აჭარაში მაინც. სხვა შემთხვევაში კი მითქვამს, „ახია“! არ შეისმინეს, ვისაც ხელეწიფებოდა ვითარების გამოსწორება, შედეგად მიიღეს ის რაც წლებია სთესეს. ახლა კი, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ის რაც დღეის მდგომარეობით ბათუმში ხდება, როცა „ნაციონალების“ ელექტორატი გაათმაგებულია თორმეტ წელთან შედარებით და შესაბამისად დომინოს პრინციპით ჩვენი კუთხის სხვა რაიონებშიც მოხდება ეს მალევე, აჭარული კატასტროფაა. თუ რა თქმა უნდა სასწრაფოდ არ გამოსწორდა მიდგომები, გადახალისდება კადრები და ახალი უნიკალური პროექტები არ დაიდება, არც მეტი, არც ნაკლები, „ნაციონალებისთვის“ ხელისუფლების სრული გადაბარების სტარტია არსებული სტატუს-კვო. თუმცაღა ოპტიმისტი ვარ და შესაძლებლობების ფანჯარასაც ვხედავ ბათუმისთვის ამ კონფიგურაციითაც. რადგანაც სწორედ რომ ასეთი მომენტებისთვის მქონდა შემუშავებული თავის დროზე „ბათუმური ქარტია“. რომელიც დღემდე, როგორც იდეის პროფანაცია ბათუმის მერიის ფოიეში დევს, და იმედია დღეიდან მაინც სრული სიმძლავრით ამუშავდება იქ გაჟღერებული პოსტულატები. რომლებზეც სხვათა შორის, თავის დროზე, ანუ 2013-ში მთელი ბათუმი შეთანმხდა, მათ შორის რა თქმა უნდა „ნაცმოძრაობაც“. სამწუხაროა, მაგრამ ასე იცის, მართვის ელემენტარული უნარების არქონამ, არსაიდან უმაღლეს თანამდებობებზე და სხვის ნაშრომზე თუ ნაბრძოლზე წამოსკუპებამ ხალხის, მაროდიორის ფსიქოლოგიით. საქმის არსი რაშია და,
უმაღლეს თანამდებობებზე თუ წარმომადგენლობით ორგანოებში რომ მედროვე, უუნარო, უავტორიტეტო „პლაკატის გამკვრელის“ თვალსაწიერის დონის ხალხი დაინიშნება და ტელევიზიითაც არ გეყოლება ისეთი ქარიზმატული კადრი ვინც ღირსეულ ოპონირებას გაუწევს „გენერალ“ ნაცს (რომლის ხელი ბიჭი თავად იყო მაგალითისთვის თორმეტამდე), ასევე მხოლოდ წეტა-კითხვის უცოდინარ კოორდინატორების იმედად იქნები, ღებულობ ამ სავალალო შედეგს რაც აჭარაში დაიდო, არჩეული ალგორითმის შესაბამისად.
– უამრავი შემთხვევითი ფაქტორი, დივერსიები, უვიცობა, ბანალური ღორობა, ნეპოტიზმი და უმაქნისი პიროვნებაა აქ გადახლართული. ასეთ შედეგს, სუბიექტურთან ერთად, თავისი ობიექტური მიზეზებიც გააჩნია-თქო. საქმე ახლა რაშია; 12-ში, დიდწილად ექკლეტური მსოფლმხედველობის ტექნოკრატებმა ხომ დაამარცხა იდეოკრატები? ხოდა, ამ ტექნოკრატებმა ესენი კი ჩამოაშორა პოლიტიკურ ველს, მაგრამ შეიარაღებაზე სწორედ რომ მათი, ანუ „ნაციონალების“ იდეოლოგია აიღო. შესაბამისად „ოცნების“ კარი ღია დარჩა მიშისტებისთვისაც. მათთან ერთად კი, რადგანაც ფილტრი აღარ არსებოდბა, ასეთ ამორფულ წარმონაქმნში ოდიოზური ასლანისტები და ზოგადად მიდი-მოდი მედროვე მომხვეჭელი ელემენტებიც გამრავლდნენ. ამ რუხმა მასამ კიდეც მალევე დაჯაბნა აქაური „ოცნების“ ჯანსაღი ნაწილი, რომელიც ან გადამალეს ანდა სულაც გააძევეს, ზოგმა კი უბრალოდ საერთოდ გაჩუმება არჩია; „ვერაფერს შევცლითოო“. მოკლედ, შეგროვდა ბირთვად ისეთი ხალხი ვისთვისაც პრინციპები, სახელი, რაიმე ღირებულის შენება მეასეხარისხოვანი რამ იყო ყოველთვის. თავის დროზე მიშასთანაც და ასლანთანაც რომ მლიქვნელობითა და ფულის კეთებით გამოირჩეოდნენ, ესეთები-თქო. მაგიტომაც, მაგ ხალხის მიშისტებათ და ასლანისტებათ მოხსენიება პირობითია როგორც ხვდებით. იქაც კი, წინა ცხოვრებებში, მასეთივე უვარგისი და ჯიბეზე ორიენტირეუბულნი იყვნენ, უბრალოდ სხვა ეტიკეტკით გვევლინებოდნენ და ეგაა. მერედა, პროზელიტიზმის ფენომენი კი მოგეხსენებათ, ბევრად უფრო დოგმატიკოსები ხდებიან, როგორც კი სამოსს იცვლიან ასეთი ელემენტები. იმ, ახალი რწმენის ვიწრო და აგრესიულ დოქტრინიორებად გვევლინებიან, რომელიც უფრო მოგვიანებით მიიღეს, ვიდრე ისინი ვინც მაგალთად დაიბადა მაგ რელიგიის წიაღში. ხოდა მაქსიმუმ, რაც ასეთ სადნობ ქვაბში გამოვიდოდა, ასეთი ინგრედიენტებიდან ისაა რაც გამოვიდა, დროებითი ხუხულა რაღაცის წინააღმდეგ, მაგრამ არა რამის ასაშენებლად. დრომ და ეროზიამ თავისი გააკეთა ამ 9 წლის განმავლობაში გვაქვს ხელთ, ის რაც გვაქვს. კატასტროფა, განსაკუთრებით კი აჭარაში, რადგანაც აქ ბევრად უფრო მიშვებული იყო სიტუაცია ვიდრე დანარჩენ სქართველოში. თავიდანვე, აქაც სწორება არა იდეაზე ხდებოდა, არამედ სხვადასხვა დროს, რეგიონის სხვადასხვა, მაგრამ ყოვლთვის ტექნოკრატ და უწარსულო პირველ პირზე. ყველა პირველ პირს მოჰყავდა არა თანამებრძოლი, რადგანაც თავად არ უბრძოლია. არა თანამოაზრე, რადგანაც საკუთარი იდეა არ გააჩნდა, არამედ მეგობარი ან ნათესვი. ვისაც იცნობდა თავისი წრიდან. პირადი, და არა საზოგადო ცხოვრებიდან, რადგანაც თორმეტამდე საზოგადოებრივი ცხოვრება არ გააჩნდა ფაქტობრივად. მით უფრო, არც საზოგადო სიკეთეები უთესია, და ან სააკაშვილ-ვარშალომიძის ხელის ბიჭი იყო, ანდა სულაც აბაშიძის დროინდელი კორუმპირებული რელიქტი. მაშასადამე, როდესაც მიდიოდა ერთი პირველი პირი, რჩებოდა მისი დანიშნული ხალხი უპატრონოდ. მათ ნელ-ნელა ანაცვლებდნენ მომდევნოს კადრებით და აღარავინ კითხულობდა, იმ წინარე ეშელონის ბედს. ესენიც ხმას არ იღებდნენ, ან სახლში მიდიოდნენ, ანდა „მიშისტურ“ პარტიებში წერვიანდებოდნენ. სხვა აბა არაა ფაქტობრივად, „გაიკრიფა“, ანდა არა მეინსტრიმულია! ასევე, რადგანაც თავის დროზე, ანალოგიურად ნეპოტიზმის წყალბით მოვიდნენ და არა ანტიმიშისტური იდეისა თუ ბრძოლის შედეგად. მერე კი, მომდევნოები სარგებლობდნენ რა „ოცნების“ მანდატით, მესამეების მოსვლამდე; ასეა მურმან დუმბაძის, ხაბაძე-ჭეიშვილისა და პატარიძის ზეობის ხანიდან მოყოლებული დღემდე. ამ დროს კი, როგორც ხვდებით არც პირველები, არც მეორენი, არც მესამენი თუ მეოთხენი, სინამდვილეში „ოცნება“ როგორც იდეა, დამსახურება, ცოდნა და მამულიშვილობა არ იყო. ზოგი, თავის დროზე უწესობის გამო იყო გაგდებული „ნაციონალებიდან“, ზოგი პროფშეუსაბამო იყო, ზოგმა კი წერა-კითხვაც არ იცოდა – აი ასეთმა ხალხმა ჩაიგდო ძალაუფლება აჭარაში თავიდანვე და მიდის მაგის მერე მთავრობანას და ქალაქობანას თამაში. სწორედ, ამ ფაქტორთა ერთობლიობამ მიგვიყვანა დღეს ასეთ ვითარებამდე. წლებია, ერთი და იგივე ხდება-თქო აქ, ერთ წრეზე ვტრიალებთ და ერთი და იგივე პრობლემების წინაშე ვდგავართ. სწორედ რომ ასეთმა უმსგავსობამ გამოიწვია ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატი თორმეტ წელთან შედარებით გაათმაგდა, რისი გამოსწორება პირადად ჩემთვის ღირსების საკითხია, რადგანაც ყველაფერი გავწირე თავის დროზე, რომ „მიშიზმი“ როგორც ფენომეფენი და ზოგადად სენი ქართული სახელმწიფოსთვის გამენდგურებინა. წარმოიდგინეთ, იმდენად სძულდათ ბათუმლებს „ნაცები“ რომ ისეთ გროტესკულ პერსონაჟს როგორიც მურმან დუმბაძეა, თორმეტში მისცეს ხმა, „ოღონდ ისინი არა-ო“ მაშინ და დღეს იგივე ხალხმა უარი უთხრა უკვე „ოცნებას“. დამეთანხმებით, საოცარი ნიჭი უნდა, რომ აქამდე მიიყვანო საქმე, უფრო სწორად კი უნიჭობა. ხალხი ბევრს გაპატიებს, მაგრამ არა თვალებში ნაცრის შეყრას და მომხვეჭელობას, მით უფრო ბათუმში, სადაც სხვა რეგიონებთან შედარებით გამართული ინსტიტუტები და აკადემიური მედია არსებობს თუნდაც თქვენი, „აჭარა-პს“ და „ბათუმელების“ სახით. ასევე თვითვმმართველობის დიდი ტრადიცია გაგვაჩნია. შოკშია ხალხი იმის გამო, რაც მოხდა, და ჯერ დუმს, მაგრამ ვგონებ მალევე, ბათუმის არსებითი დაკარგვის შემდეგ „ოცნების“ მიერ, ამ ყველაფერზე იმაზე მეტი ალაპარაკდება ვიდრე წარმოგიდგენიათ. განსაკუთრებით კი „ოცნების“ ის წევრები ვინც უბრალოდ გადააჩოჩეს, მხოლოდ იმის გამო რომ მათი პოზიცია დაეკავა მორიგი მთავრობის თავჯდომრის ნათესავს ან მეგობარს. ეს კიდევ არაფერი, რომ ასეთ კონტინგენტს საქმე ეკეთებინა, ან დამსახურება თუ ცოდნა ჰქონოდათ მინიმალური მაინც. მაგრამ პირიქით, რაც უფრო ნიველირებული იყო ასეთ კადრებში პიროვნული საწყისი, რაც უფრო უვიცი და დაუმსახურებელი იყო ასეთი პერსონა, რაც უფრო საეჭვო და კორუმპირებული წარსული ჰქონდა, მით უფრო ეხსნებოდა გზა. ხელწერად იქცა ლამის, მთელ ამ ცხრაწლიან პერიოდში, ეს მანკიერი საკადრო პოლიტიკა, სადაც წინსვლის მთავარ კრიტერიუმად რეგინოს პირველი პირების სურათების „დაშეირება“, საჯარო მაამებლობა და გულების წერა გახლდათ.
– ეს ელემენტარულია წესიერი, პატრიოტი და რაციონალური გონისთვის, ვისაც უნდა ლამაზ ქალაქში და ქვეყანაში ცხოვრება და არა ამ ფსიქოტიპის ხალხისთვის. ვისაც ქალაქი საკუთარი ყანა, ქვეყანა კი ბოსელი ჰგონია. თავიდანვე, ივანიშვილმა ქიმერა შექმნა, დეიდეოლოგიზირებული, ექლეკტიკური გაერთიანება. ხაზგასმით ავღნიშნავ, იძულებული იყო იმ ფორს-მაჟორულ ვითარებაში; ამით უამრავმა შემთხვევითმა პერსონამ, მომხვეჭელმა, მედროვემ და ლაქიამ ისარგებლა. შემდეგ, როდესაც რეგიონებში და საშუალო რგოლებში ამ ხალხმა ჩაიგდო ხელში სადავეები, დაიწყეს მსგავსი პერსონაჟების მოზიდვაც. „მსგავსი მსგავსთან მიდისო“, ხომ გაგიგიათ? ხოდა ასე იკვრება წრეც! მერედა XXI საუკუნეა, პოსტოდერნისტულ სამყაროში ვართ, რომელშიც საზოგადოებრივ აზრს ჰქმნიან მედიაჯფგუფები. ტელევიზიები და პიარი კი ამათ არ აქვთ. რაც აქვთ, მაგალითად „პოტვს“ სახით, მათ ძალზე მცირე ფინანსური რესურსი გააჩნიათ და ერიცუცქუნია, თუმცაღა უდავოდ ნიჭერი კოლექტივი ჰყავთ. „იმედი“ კი, ფორმალური ლოიალურობის მიუხედავად არსით მათი ნამდვილად არაა. დაადარეთ ახლა ეს „ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“ მიშისტური ტელევიზიების გუნდს; თუ როგორ სინქრონულად პედალირებენ „ოცნებისთვის“ წამგებიან თემებს, ზემოქმედების ტექნოლოგიების რა სიღრმისეული ცოდნითა და ნეოლიბერალური იდეოლოგიის აგრესიული ინდოქტრინაციით არიან დაკავებულნი. და ნათელი იქნება ყველასათვის რომ მიდის მონსტრების ბრძოლა მოყვარულთა წინააღმდეგ.
-9 წელია „ოცნება“ ხელისუფლებაში. ნუთუ, მთელი ამ ხნის განმავლობაში არ მოუვიდათ აზრად „მიშისტური“ პროპაგანდისთვის არა მხოლოდ კონტრპროპაგანდა (რაც გვხდება თუნდაც პიარის ფორმით სხვადასხვა უწყებაში), არამედ ალტერნატიული, საკუთარ იდეოლოგიაზე დაფუძნებული პროპაგანდა დაეპირისპირებინათ აკადემიურ, და არა ასეთ კუსტარულ დონეებზე თუნდაც?
„ოცნების“ ე.წ. პიარი საბავშო ბაღია იმასთან შედარებით, თუ რა სიმძლავრეებს აწყდებიან ისინი. დიდწილად 2-სამ კვირიან ტრენინგგავლილ გლამურულ გოგონებზეა მინდობილი ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დარგი. ამ კონტიგენტმა არ იცის საერთაშორისო დღის წესრიგი, არც სოციალური კონტექსტი, არც ისტორიული ქვეტექსტი იცის და კიდევ ბევრი ისეთი რამ, რის დასახელებიდანაც თავს შევიკავებდი. „პიარი“ მლიქვნელობა და არა სპეციფიკური საგნების ცოდნა ჰგონიათ. მერედა, ხშირად იქ „მიშისტებია“ შეგნებით, რაც საქმიანობაზეც ისახება. თვალსაწიერი და ერუდიცია ფრიად ვიწრო აქვთ როგორც წესი და ეს ზოგადქართული პრობლემაცაა. მართლაც გულწრფელად ჰგონიათ, რომ ფეისბუკის გვერდზე არაპოპულარული, უისტორიო, უავტორიტეტო, უუნარო ჩინოსნების საქმიანობაზე ინფორმაციის ატვირთვით დიდ საქმეს უკეთებენ „ოცნებას“, ქალაქს, რეგიონს თუ ქვეყანას. არადა ამ დროს უკუეფექტს აღწევენ ამით. დისკრედიტაცია ხდება უკვე იმის გამო, რომ ესა თუ ის, ნეპოტიზმის შედეგად დანიშნული პირი იგივდება ამა თუ იმ ინსტიტუტთან და „ოცნებასთან“, თუ ბიძინა ივანიშვლთან კერძოდ, რომლის ავტორიტეტი პირდაპირი მნიშვნელობით გახრა ამ კონტინგენტმა. მით უფრო აჭარაში, პატარა ბათუმში, სადაც ყველამ ყველაფერი ვიცით, ვინ საიდან და რა სიქველეების, უფრო სწორად კი უქველობის წყალობით დაირტყა ესა თუ ის ადგილი. ვინ საიდან და როგორ მოხდა მანდ-თქო, რა შეუძლია და რა უკეთებია, და რას გააკეთებს მომავალში. თუმცაღა ზედმეტად მკაცრიც არ მინდა ვიყო. ობიექტურობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ დაბალი ხარისხის პროდუქტი, რაც არ უნდა ფუთო, უმაღლეს ხარისხად ვერ გაასაღებ. ერთხელ მოტყუვდება ადამიანი, იქნებ მეორედ, მაგრამ მესამედ, ყველაფერი ბრწყინვალედაც რომ გააკეთო; წარმოსაჩენი საქმე, და გასაპიარებელი პირიც კი, რომ ვარსკლავებს წყვეტდეს, არ დაგიჯერებს მოქალაქე. რაც პრინციპში კიდეც მოხდა ბათუმში. ზოგადად, ასეთი ჰარი-ჰარალე, ანდა საქმის ნიუანსების არცდნით გამოწვეული დამოკიდებულება, განა მხოლოდ ამ ტიპის სამსახურებში გვხდება. ეს, ფორმალიზმს ამოფარებული სამუშაოების იმიტაცია და საგნის არსობრივი არცოდნა წითელ ხაზად სდევს მთელ ამათ ცხრაწლიან პერიოდს. ამ არასახარბიელო ვითარების ფესვები კი თავის მხვრივ, როგორც უკვე ავღნიშნე, „ოცნების“ კოალაიციურ წარსულზე გადის. იმ ფორს-მაჟორულ პირობებზე დიდწლად, რომელიც თან სდევდა ივანიშვილის წამოწყებას პირველივე დღიდან. ათასი ჯურის კორუმპირებული, პორტირებული, უვიცი, ხელმოცარული და მედროვე აეკიდა მაშინ მის უკიდეგანო ავტორიტეტს. ფილტრი კი არ არსებობდა, შესაბამისად იქ, ამ გზებით დამკვიდრებული ელემენტები შემდგომში თავად იქცნენ ფილტრად, უკვე ჯანსაღი, „ანტიმიშისტურად“ განწყობილი ნაწილისთვის.
– მასე მარტივადაც არაა საქმე, რომ მხოლოდ „ოცნების“ ლიდერშიპზე და მათ სამაგალითო კადრებზე იყოს დამოკიდებული ისეთი გამართულ მუშაობა რომ კრინტიც კი ვერ დაძვრას ვინმემ. „ნაცებმა“ და მათთან აფილირებულმა ძალბმა მოახერხეს და „ოცნება“ იდეოლოგიურ ხაფანგში მოქციეს, სიტუაციაში რომელშიც მათ მტკიცება უწევთ იმ საერთაშორისო ძალებისთვის ვინც პატრონობს და თავის დროზე, კიდეც მოიყვანა სააკაშვილი, რომ გარკვეულ საკითხებში უფრო მეტად „მიშისტებია“. ესაა მარკერი მაგ ძალებისთვის, და თუ რისი, ამის თქმისგანაც ამ ეტაპზე თავს შევიკავებ. ერთსღა ავღნიშნავ, რომ ღარიბაშვილი ცდილობს მაგ მოჯადოვებული წრიდან გამოსვლას. მაგრამ გამოსავალი აქ ერთია, შიში უნდა დავსძლიოთ მთელმა ერმა და ამ „მიშისტური“ კლიშეების მსხვრევა დავიწყოთ. უნდა გავითავისოთ რომ დღეს 2003 წელი არაა, შეიცვალა საერთაშორისო მდგომარება და ამ ყველაფერს ემოციურიღა საფუძველი უდევს, ინერცია, და არამც რეალური სარჩული. საქართველო ახლა როგორც არასოდეს სჭირდება სტრატეგიული ავტონომია! გააცნობიერებს ამას „ოცნება“, მიხედავს ამ კატასტროფულ საკადრო პოლიტიკას, გადაფრორმატირებას მოახერხებს აი თუნდაც აჭარის მასშტაბით დასაწყისს ეტაპზე. თუნდაც როგორც საპილოტე პროექტს, მაშინ მომავალი მისია. არადა, უკვე შემდეგ არჩევნებზე აჭარის სრულად „ნაცებზე“ გადაბარება მოუწევთ, ეს რომ დანარჩენ საქართველოს გავანებოთ თავი.
– დიდი პოტენციალისა, ტრადიციის ქვეყანა ვართ და წინდაუხედავად, დეკადების წინ მოდურ ტრენდებზე მიბაძვით ნეოლიბერალურ ბალაგანად ვაქციეთ ის. სასათბურე პირობები შევუქმენით ყველაფერ იმას, რაც მარადიულ და უნივერსალურ ფასეულბებთან კონფლიკტში მოდის ფუნდამენტალურ დონეებზე. გემბლინგი, პროსტიტუცია, ტრეფიკინგი, ნარკომანია – აი რა ასოციაცია უჩნდება დღეს მსოფლიოს საქართველოს სახელის გაგონებაზე, ესაა ჩვენი პრიორიტეტი დოქტრინის დონეზე და ნუ ვიტყუებთ თავს რომ სხვანი ვართ. პრესა და ლიტერატურაა სარკე ყოფიერების, მარტივად გადაამოწმებთ და გამკიცხავთ, თუ რამეს ვამატებ, მაგრამ ვერ მოხდება ასე. აიღეთ სულ რამოდენიმე დეკადის წინანდელი პრესა თუ ნაწარმოებები ქართველებზე და დღევანდელ უცხოურ პრესასა და ლიტერატურას გადახედეთ, დაადარეთ. თვალშისაცემი დეგრადაციაა ქართველი კაცის სურათ-ხატისა. კი, ვიყავით ნამდვილად საქებარნი, მაგრამ წარსულს ჩაბარდა მდიდარი, ამაღლებული, სტუმართმოყვარეობით გამორჩეული ქვეყანა. 700 000 სოციალურად დაუცველი, მილიონამდე გასული ქვეყნიდან, 30 მილიარდიანი ვალით ქვეყანა რომელიც ადეკვატურად ვერ აფასებს გამოწვევებს და ტაშ-ფანდურში ხარჯავს საშვილიშვილო სესხს. რაა თუ არა ეს „ნადიმი შავი ჭირის დროს“? მიმოიხედეთ, ნეოლიბერალური „ტისოვკა“ მწარმოებელი კლასის და ძლიერი ინტელიგენციისა თუ გლეხობის მაგიერ წარმოადგენს ქვეყნის ინტერესებს ყველა დონეზე. ესაა დღევანდელი, „მიშიზმით“ გაჟღენთილი საქართველო, რომელსაც „ოცნება“ იდეოლოგიურ დონეზე ვერაფერ დიდს ვერ უპირისპირებს. ჰგვანან რა ადამიანს რომელიც ტოტებს ურახუნებს იმის მაგივრად დამპალი ხის ღეროს დასცხოს ნაჯახი.
პუბლიცისტი დავით ჩხარტიშვილი