სერგეი შოიგუ: თვალს ვადევნებთ აშშ-ის საზღვაო ხომალდებს, რომლებიც შემოვიდნენ შავ ზღვაში

„რუსი სამხედროები თვალს ადევნებენ აშშ-ის საზღვაო ხომალდ „მაუნთ უიტნისა“ და „პორტერს“, რომლებიც შემოვიდნენ შავ ზღვაში“, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ს საზღვაო ძალები და ნატოს ძალები რეგიონში ერთობლივ ოპერაციებს იწყებენ.

„როდესაც არარეგიონული ძალის გემი შემოდის შავ ზღვაში, ვიცით, რომ მას აქვს მაღალი სიზუსტის იარაღი და ის არ მიდის ტურისტულად, რა თქმა უნდა, ჩვენ ვუყურებთ და ვაკვირდებით. ნებისმიერი პროვოკაცია შესაძლებელია ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მომენტში, ჩვენ არ უნდა დავუშვათ პროვოკაცია“, – განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ.

მისი თქმით, ეს არის შეერთებული შტატების მორიგი მცდელობა, შეამოწმოს რამდენად მზად ვართ,როგორ ავაშენეთ სისტემა შავი ზღვის სანაპიროზე.

„ისინი ჩაატარებენ წვრთნებს საქართველოს და უკრაინის ფლოტებთან.

ივნისში ბრიტანულმა გამანადგურებელმა Defender-მა დაარღვია რუსეთის სახელმწიფო საზღვარი შავ ზღვაში. ის ტერიტორიული წყლებიდან ფლოტისა და ავიაციის ერთობლივი ძალისხმევით გააძევეს. ოქტომბერში მსგავსი ინციდენტი მოხდა იაპონიის ზღვაში – ამერიკულმა გემმა Chafee-მ სცადა რუსეთის საზღვრის დარღვევა, მაგრამ იძულებული გახდა დაეტოვებინა დიდი წყალქვეშა გემის Admiral Tributs-ის ზეწოლის ქვეშ.“ – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

შავ ზღვაში ამერიკული გემების შემოსვლას გამოეხმაურა, აშშ-ის საელჩო, რომელმაც განაცხადა: „მივესალმებით აშშ-ის საზღვაო ხომალდ „მაუნთ უიტნისა” და „პორტერს”! ხუთი წლის შემდეგ მეექვსე ფლოტის ფლაგმანი, „მაუნთ უიტნი” საქართველოში დაბრუნდა. ამ ხომალდისთვის საქართველოს პორტები უცხო არ არის, ვინაიდან „მაუნტ უიტნი” ქვეყანას ხუთჯერ ეწვია, მათ შორის, 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ომის დროს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მიზნით“.