გაერთიანებული სამეფო პირველი ქვეყანა გახდა მსოფლიოში, სადაც მედიკამენტების მარეგულირებელმა ორგანომ კორონავირუსის სიმპტომური შემთხვევების სამკურნალოდ მედიკამენტი „მოლნუპირავირი” დაამტკიცა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
„მოლნუპირავირის“ თითო აბს დღეში ორჯერ მიიღებენ ის პაციენტები, რომლებსაც კორონავირუსი ახალი დადასტურებული აქვთ.
კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ პრეპარატმა, რომელიც, თავდაპირველად, გრიპის სამკურნალოდ შეიქმნა, კოვიდპაციენტებში ჰოსპიტალიზაციის ან სიკვდილის რისკი დაახლოებით გაანახევრა.
გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა „მოლნუპირავირის” დამტკიცება ისტორიულ მომენტად შეაფასა.
– „დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული დღეა, რადგან გაერთიანებული სამეფო პირველი ქვეყანა გახდა მსოფლიოში, რომელმაც დაამტკიცა ანტივირუსული პრეპარატი, რომლის მიღება კოვიდ 19-ის სამკურნალოდ სახლის პირობებშია შესაძლებელი“ – აღნიშნა მინისტრმა.
„მოლნუპირავირი“ აშშ-ის მედიკამენტების მწარმოებელმა კომპანია Merck-მა და მისმა პარტნიორმა Ridgeback Biotherapeutics-მა შექმნეს.
წყარო: იპნ