უფლებადამცველი, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს:
“ნაცმოძრაობის სახალხოდ დამცველს ქ-ნ ნინო ლომჯარიას. ყურადღებით ვადევნებთ თვალს თქვენს დაუღალავ და უკომპრომისო ბრძოლას პრივილეგირებული პატიმრების – მიხეილ სააკაშვილის, გიგი უგულავას, ნიკანორ მელიას და სხვების უფლებების დასაცავად.
მართალია, ამ ფონზე საქართველოს პენიტენციურ სისტემაში განთავსებული რიგითი პატიმრების უფლებების მდგომარეობით დაინტერესებისთვის დრო აღარ გრჩებათ, მაგრამ იქნებ უცხოეთის ციხეებში განთავსებული ჩვენი თანამემამულეების მდგომარეობით მაინც დაინტერესებულიყავით და ზოგადად მაინც აღგეწერათ მათი მდგომარეობა იქაურ პენიტენციურ დაწესებულებებში. ამის შესანიშნავი მაგალითი მოგცათ უკრაინის ომბუდსმენმა, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა, ბევრი დაბრკოლება გადალახა და მოინახულა მისი თანამემამულე მიხეილ სააკაშვილი. რაც მთავარია, საკუთარი თვალით ნახა ის კომფორტული პირობები, რომელშიც „დიდი რეფორმატორი“ იმყოფება.
ამ ყველაფრის შემხედვარეს იქნებ სწორედ უკრაინის ციხეებში განთავსებული საქართველოს მოქალაქეების პირობების შესწავლით დაგეწყოთ უცხოეთში მცხოვრები ქართველი პატიმრების ბედზე ზრუნვა.
შემდეგ ისევ შეხვდებოდით თქვენ და უკრაინის ომბუდსმენი და ქართველი და უკრაინელი პატიმრების ყოფით პირობებს შეადარებდით ერთმანეთს, ხოლო თუ სააკაშვილი მათთან შედარებით კურორტის პირობებში აღმოჩნდებოდა, თქვენთვის ჩვეული შეუპოვრობით და პრინციპულობით დააყენებდით უკრაინის ხელისუფლების წინაშე მოთხოვნას, რომ მათ ციხეებში განთავსებული საქართველოს მოქალაქეების პირობები სააკაშვილის პატიმრობის პირობებს გათანაბრებოდა.
იმედია, დაგაინტერესებთ ეს წინადადება მალე გაემგზავრებით უკრაინაში იქაურ ციხეებში საქართველოს მოქალაქე პატიმრების მდგომარეობის შესასწავლად.
ამით არც სააკაშვილი დაგრჩებოდათ უყურადღებოდ და მისი მაგალითის გამოყენებით ირიბად მაინც დაეხმარებოდით უცხოეთის ციხეებში განთავსებულ ჩვენს თანამემამულეებს, რის შედეგადაც იმას მიაღწევდით, რომ სააკაშვილის ქეისის დროს თქვენს მიერ დაფიქსირებული სტანდარტის მიხედვით იქ განთავსებულ ჩვენს თანამემამულეებსაც მათი სურვილის და ნებართვის გარეშე ვერავინ გადაიყვანდა ერთი დაწესებულებიდან მეორეში. ჩვენ კი მოთმინებით დაველოდებით თქვენი ვიზიტის შედეგებს.”