აღარავის აინტერესებს პარტიული ბრძოლა, რადგან, როდესაც ადამიანია გადასარჩენი, ეს არის ჩვენი ქრისტიანული, კონსტიტუციური და უბრალოდ ადამიანური ვალი, ადამიანს კლავენ და ჩვენ არ უნდა მივცეთ მოკვლის უფლება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, გიგი უგულავამ იუსტიციის სამინისტროსთან აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
როგორც გიგი უგულავამ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის გადაიყვანეს ისეთ პირობებში, სადაც გაცილებით მძიმე ვითარებაა.
„წარმოიდგინეთ, როდესაც ხელის გაწვდენაზე არიან კრიმინალები, რომლებსაც რასაც უნდა ციხის ადმინისტრაცია დაავალებს, აყვირებს. იმას შეიძლება ერთადერთი რამე ეწოდოს, ეს არის საბჭოთა ფსიქიატრიული, საგიჟეთს რომ ეძახდნენ, სადაც ადამიანები მიჰყავდათ ფსიქოლოგიური ტერორისთვის და გატეხვისთვის. ერთი მხრივ, უნდა გვესმოდეს, რომ სიტუაცია არის კატასტროფული და ყოველ დღეს ექნება მნიშვნელობა, მეორე მხრივ, უნდა გვესმოდეს, რომ ეს ადამიანი არის არაადამიანური მოპყრობის მიღმა. თუ ის ადამიანი უძლებს, ჩვენც უნდა გავუძლოთ. ის ადამიანი უძლებს უბედურებას და ჩვენ იმის მეათედს მაინც უნდა გავუძლოთ. ვინც ბრძოლისთვის არის მზად, იმ ადამიანებმა უნდა ვზიდოთ ტვირთი, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება ამ ტყვეობიდან. ახლა უკვე პირდაპირი ფსიქოლოგიური ტერორისგან. გაიღვიძებს ახლა ციხე და დაიწყება ზუსტად იგივე, რაც გუშინ გააკეთეს. ამათ „ტორმუზი“ არ აქვთ ხალხნო, ამათი „ტორმუზი“ ერთადერთი ხართ თქვენ, იქნებით ბევრნი, იქნებით დარაზმული, იქნებით შეუპოვარი და გატყდებიან. ჩვენ ბევრჯერ ვნახეთ, თუ ხალხი აწვება, მაშინ ბოლოში ტყდებიან. ოღონდ ეს არ იქნება ერთი ან ორი დღე. კაცმა 40 დღე იშიმშილა და შეიძლება მომდევნო 40 დღე უარეს ჯოჯოხეთში ამყოფონ. ჩვენი მოვალეობაა ენერგიის სწორი განაწილება“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
მისივე თქმით, ყველა დარწმუნებულია, რომ ამ ბრძოლაში სააკაშვილი გამოვა ცოცხალი, გაწმენდილი, 100-ჯერ უფრო გაძლიერებული.
„სააკაშვილს ამით არაფერი დააკლდება, მეტსაც გეტვით, თითქმის ყველა დარწმუნებულია, მათ შორის „ქართული ოცნებაც“, რომ ამ ბრძოლაში სააკაშვილი გამოვა ცოცხალი და გაწმენდილი, 100-ჯერ უფრო გაძლიერებული. ეს არის კარგი ამბავი ამ ისტორიიდან. ცუდი ამბავი ამ ისტორიიდან არის ის, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ეს ადამიანი სამშვიდობოს გამოვიდეს, რადგან საშიშროება არის მართლაც რეალური. იქ, სადაც დღეს იმყოფება, იქ არის პირდაპირი მნიშვნელობით ყველაფერი შესაძლებელი. მათ შორის გაუთვლელი რამე, რასაც ეს კრეტინებიც ვერ გათვლიან. ამიტომ არის ჩვენი ყოველდღიური დარაზმულობა უმნიშვნელოვანესი, რათა არ მოვეშვათ. ვიდრე ეს ადამიანი არის ციხეში, ყველა საქმე უნდა გადავდოთ, ჩვენი საოჯახო საქმე, ბიზნესი, სწავლა, ყველაფერი უნდა გადავდოთ ან შევათავსოთ ისე, რომ ჩვენი პროტესტი ისმოდეს ყველა ქუჩაში, ისმოდეს ყველა ქალაქში და ყველა სოფელში. სოფელში თუ არც ერთი დროშა არ კიდია, ადექი და სახლზე გადმოკიდე, რომ გეტყვიან, რა ხდება შენს თავს, აი ვიბრძვი, რათა ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინო, დაინახავს მთელი სოფელი, რატომ არის ეს დროშა გამოფენილი. ვიყოთ მხნედ, ვიყოთ მტკიცედ. არ უნდა დავიღალოთ. გადავცეთ ეს ესტაფეტა სხვას, ახლობელს, მეგობარს ჩავკიდოთ ხელი. ეს აღარ არის საერთოდ პარტიული ბრძოლა. აღარავის აღარ აინტერესებს პარტიული ბრძოლა, რადგან როდესაც ადამიანია გადასარჩენი, ეს არის ჩვენი ქრისტიანული ვალი, ეს არის ჩვენი კონსტიტუციური ვალი და ეს არის უბრალოდ ჩვენი ადამიანური ვალი. ადამიანს კლავენ და ჩვენ არ უნდა მივცეთ მოკვლის უფლება“, – განაცხადა გიგი უგულავამ.