სუს-თან „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით მიმდინარე აქციიდან სამართალდამცველებმა კიდევ რამდენიმე ადამიანი გაიყვანეს

თბილისში, სახელმწიფო უსაფრთხოების შენობასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული, შენობის მეორე მხარეს კი „ნაცმოძრაობის“ წევრებისა და მათი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს.

როგორც „ქრონიკის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ამ დროისთვის სამართალდამცველებმა ტერიტორიას 20-მდე ადამიანი განარიდეს. ადგილზე რჩებიან „ნაცმოძრაობის“ წევრები ანა წითლიძე, ზაალ უდუმაშვილი, ლევან ბეჟაშვილი და ეკა ხერხეულიძე. მათი განცხადებით აქცია სუს-თან იქამდე გაგრძელდება ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები ასევე ითხოვენ შეხვედრას თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელ ვაჟა სირაძესთან. მათ სურთ პასუხის მიღება, თუ რატომ დააკავეს აქციის მონაწილეები.

ამ დრომდე შსს-ში არ აკეთებენ განმარტებას აქციის მონაწილეების დაკავების შესახებ.

 

“იმედინიუსი”