უახლოეს პერიოდში ძალიან მძიმე მდგომარეობა იქნება

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში დღითიდღე მძიმდება, რასაც ლეტალობისა და ინფიცირების დღიური მაჩვენებლების სწრაფი მატება ადასტურებს.

ექიმების თქმით, მეხუთე ტალღის პიკურ პერიოდში, მდგომარეობას, შეფერხებული იმუნიზაციის პროცესი და მოსახლეობის მხრიდან რეკომენდაციების უგულებელყოფა, უფრო მეტად ამძიმებს.

სპეციალისტები, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, არ გამორიცხავენ, რომ ქვეყანა ჯანდაცვის სისტემის კოლაფსამდე მივიდეს. ამის თავიდან ასარიდებლად კი ისინი მოსახლეობას კვლავ ვაქცინაციის პროცესში მაქსიმალურად ჩართვასა და არსებული რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური ექსპერტი მაკა ბულეიშვილი მიიჩნევს, რომ სიტუაციის სერიოზულობა არასათანადოდაა აღქმული:

“არც კი იგრძნობა, თუ კორონავირუსის ასეთი მაღალი მაჩვენებელი გვაქვს. პროგნოზის გაკეთება, თუ როდის შეიძლება სტაბილურ მდგომარეობამდე მივიდეთ, სამწუხაროდ, დღეს ძალიან რთულია. ეს იქნება ძალიან მძიმე მდგომარეობა უახლოეს პერიოდში. ჰოსპიტალური სექტორი, ჯერჯერობით, უმკლავდება, მაგრამ გაუჭირდება პაციენტების ამ რაოდენობის მიღება. უმნიშვნელოვანესია რეკომენდაციების დაცვა და ვაქცინაციის პროცესში ჩართვა”, – განაცხადა მაკა ბულეიშვილმა.

პედიატრები მიესალმებიან იმას, რომ საყოველთაო ვაქცინაცია უკვე 12 წლიდან არის დაშვებული. პედიატრ კონსტანტინე ჩახუნაშვილის თქმით, ეს მნიშვნელოვნად იმოქმედებს სკოლებში კორონავირუსის გავრცელების შემცირებაზე.

 

“რუსთავი2”