ჟურნალი „ტაბულას“ მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილის სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის კადრები ისტორიას დარჩება, როგორც პუტინისტი მანქურთების საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტზე ძალადობა, ისევე, როგორც ბასილ მკალავიშვილის დაკავება აღიქვა საზოგადოებამ ეკლესიაზე ძალადობად.
„ბასილ მკალავიშვილის დაპატიმრების კადრები ხომ ყველას კარგად გახსოვთ? ბასილ მკალავიშვილი იყო კრიმინალი, რომელიც მრევლად წიდებული ორგანიზებული ბანდის მეშვეობით, თავს ესხმოდა ჩვენს თანამოქალაქეებს, მათზე ძალადობდა, თმებს პარსავდა, სცემდა, ლიტერატურას უწვავდა, მათი აღმსარებლობის გამო. მისი გასამართლება იყო ძალიან მნიშვნელოვანი, იმისთვის რომ მომავალში მსგავსი მიდრეკილებების პრევენცია მოგვეხდინა და რელიგიურ უმცირესობებს აღმსარებლობის თავისუფლება ჰქონოდათ. მკალავიშვილის დანაშაულების მტკიცებულებები ვიდეოკადრებად არსებობს. მაგრამ ვიდეოკადრებად დარჩა მისი დაკავების სცენა გლდანის (?!) ეკლესიაში, ცუდი სცენა, სადაც ბასილი და მისი მრევლი წინააღმდეგობას წევს, ქვებს ესვრის პოლიციას და სადაც პოლიცია თავდაჯერებულად არ იქცევა, უმაღლესი პირების ყოფნა გახდა საჭირო. ეს კადრები იქცა იმის სიმბოლოდ, რომ ნაცები “ეკლესიებს ანგრევენ” (თუ ეს არა, სხვა სიმბოლო გაჩნდებოდა, საუბრის თემა არაა რატომ გაჩნდა). კრიმინალი დააკავეს. მაგრამ თემად “ეკლესიის ნგრევა” იქცა. ვინც რას არ უნდა ფიქრობდეს მიხეილ სააკაშვილზე (და მე მისი როლი 90-იანი წლების ბოლოს და 2000-იანების მნიშვნელოვან ნაწილში ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურად მიმაჩნია), მისი გლდანში გადაყვანის ამსახველი კადრები, ისტორიას დარჩება როგორც პუტინისტი მანქურთების ძალადობა საქართველოს (ოდესღაც 96 პროცენტით არჩეული) პრეზიდენტის ინსტიტუტზე და არა სააკაშვილზე. რუსული მედიის არქივიც ხომ დარჩება ისტორიას. ზოგადად, ძალიან, ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკურად აქტიურმა ხალხმა, გინდ ხელისუფლებაში, გინდოპოზიციაში, გინდ მედიაში და აქტივიზმში – შევძლოთ ხოლმე უკან გავიწიოთ, და ყველაფერს დიდ და საშუალო ისტორიულ კონტექსტში შევხედოთ. ზუმი თუ კარგად მუშაობს, უკეთ აღიქმება“ -წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.