საქართველოს მთავარი გამარჯვება მისი ევროპული ორიენტაციის შენარჩუნებაა – ერთადერთი პერსპექტივა ევროპასთან სიახლოვეა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარიზის მშვიდობის ფორუმის ერთ-ერთ პანელზე ,,საერთაშორისო თანამშრომლობის შენარჩუნება მშვიდობიანი მომავლისთვის“ მონაწილეობა მიიღო.
პანელის მუშაობაში საქართველოს პრეზიდენტი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ჯოზეფ ბორელთან და ევროპული საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორთან მარკ ლეონარდისთან ერთად ჩაერთო და დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს პრეზიდენტმა უპასუხა კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის ჟან-მარი გენოს კითხვას, თუ რას ელის ევროპელებისგან დღეს, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი და საქართველოს მზერა ევროპისკენ და ნატოსკენაა მიმართული.
„ვფიქრობ, რომ თემა და კითხვა ჩვენთვის, საქართველოსთვის ძალიან აქტუალურია – თუ რას ველოდებით შეერთებული შტატებისგან. ჩვენ ვიყავით ქვეყანა, რომელმაც გამოიწვია იმ ეპოქის დასასრული, რომელშიც ყველასათვის გარკვეული წესები მოქმედებდა.
2008 წლის ომმა საქართველო გამოიყვანა საერთაშორისო ნორმებიდან. ,,ძლიერის სამართალმა“, საზღვრების შეცვლამ და საერთაშორისო ნორმებით აღიარებულ ტერიტორიაზე ოკუპაციის დამყარებამ (ამ ყველაფერმა) კითხვის ქვეშ დააყენა ყველა ის ნორმა, რომლებითაც ვცხოვრობდით და 2008 წლიდან მოყოლებული ვხედავთ, რომ შეერთებულმა შტატებმა უფრო სიტყვიერი რეაგირება მოახდინა, მოქმედება კი, ევროპის მხრიდან იყო, პრეზიდენტ სარკოზის მხრიდან, რომელმაც მისი დე ფაქტო ჩარევით შეაჩერა კონფლიქტი. ვერ შემოატრიალა კონფლიქტის შედეგები – ოკუპაცია, მაგრამ კონფლიქტი ლოკალურად შეაჩერა. ეს თარიღი, 2008 წელი, ძალიან მნიშვნელოვანია, მას ჰქონდა გაგრძელება სირიაში, შემდეგ 2014 წელს უკრაინაში, და ეს არის დასაწყისი იმ საერთაშორისო თანამეგობრობისა, რომელიც არ რეაგირებს საერთაშორისო სამართლებრივ დარღვევებზე.
მოგვიანებით ვნახავთ, რომ განიარაღების წესები არ იქნა დაცული და ჩვენ ვართ მსოფლიოში, სადაც აღარ ვიცით რა თამაშის წესები მოქმედებს. ამავდროულად, (და ეს პასუხობს თქვენს შეკითხვას), შეერთებული შტატები იყურება აზიისკენ, აღმოსავლეთისკენ და ირიბად ეუბნება ევროპას: – თქვენ უნდა იმოქმედოთ მსოფლიოს ამ ნაწილში, ეს თქვენი კონტინენტია, თქვენ უნდა მოაგვაროთ იქ კონფლიქტები.
თუ ცოტა უკან დავბრუნდებით, ჟან მარის ჩემსავით ახსოვს ბალკანეთის კრიზისი, სადაც ევროპელებმა დაანებეს ამერიკელებს და ნატოს არა მხოლოდ კონფლიქტის სამხედრო ნაწილის მოგვარება, არამედ დიპლომატიური მხარეც, ძირითადად, ამერიკელების მიერ, ელჩ ჰოლბრუკის მიერ იქნა წარმართული. დღესდღეობით, ასე სულ უფრო ნაკლებად ხდება. არ ვიტყვი, რომ საერთოდ აღარ ხდება, მაგრამ უფრო იშვიათად.
ჩემი და საქართველოს მზერა უფრო ევროპისკენ და ნატოსკენაა მიმართული, რომელიც წარმოადგენს ალიანსს ევროპასა და შტატებს შორის. ავღანეთის მოვლენებს, სადაც ჩვენ შეერთებულ შტატებთან ერთად, მოსახლეობის რაოდენობის პროპორციის მიხედვით, ყველაზე დიდი შემადგენლობით ვიყავით წარმოდგენილი, ვიცით, რომ დიდი გავლენა აქვს ჩვენს რეგიონზეც, ჩვენი რეგიონი კი, ევროკავშირის ზონას ეკუთვნის. მოგვიანებით დავუბრუნდებით იმას, თუ რას ნიშნავს ეს ევროკავშირისთვის, რომელიც მრავლობითი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ასევე უპასუხა კითხვას, როგორია რუსეთთან, თქვენი და ევროპის დიდ მეზობელთან, ურთიერთობის მისეული ხედვა, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთთან დაპირისპირება არ არის სწორი და ევროპული გზა, ამისთვის ევროპას არც სამხედრო ძალაუფლება აქვს და არც სურვილი, მაგრამ მან უნდა აჩვენოს, რომ არის მნიშვნელოვანი აქტორი, და რომ არ დათმობს მის ადგილს.
„როგორც ევროპა, ასევე ჩვენ, დღეს იმ რუსეთის წინაშე ვდგავართ, რომელიც არ იცავს თამაშის ძველ წესებს, იმ წესებს, რომლების შემუშავებაშიც თავად იღებდა მონაწილეობას ჰელსინკის პერიოდში. ეს არის საერთაშორისო სამართლის პრინციპების წესები, განიარაღება, და ჩვენ ვართ რუსეთის პირისპირ, რომელიც მტკიცედ დგას მის ხელთ არსებული ყველა იარაღით. ვხედავთ ვაგნერის ძალებს აფრიკაში, ცენტრალურ აფრიკამდე, ვხედავთ ახლახან ბელორუსიაში გამოყენებულ მიგრანტების იარაღს, რომელიც აღარ არის უბრალო მიგრაციის კრიზისი, ეს ევროპის ქვეყნების დესტაბილიზაციის მიზნით მიგრანტების იარაღად გამოყენებაა, საერთაშორისო წესრიგი, ევროპასა და რუსეთს შორის აღარ არსებობს, ეს არის დესტაბილიზაციისათვის ღია ტერიტორია, ჩვენი ჩათვლით და ეს ახალი რუსეთი ევროპის გამოწვევაა და მთავარი შეკითხვა, რომელსაც ჩვენ ჩვენს თავს ვუსვამთ არის: – კმაყოფილდება თუ არა ევროპა სანქციების პოლიტიკით, რაც ნამდვილად პასუხია, მაგრამ არასაკმარისი პასუხი (და ჩვენ ამას ვხედავთ) იმისათვის, რომ გავლენა მოვახდინოთ, შევცვალოთ, დავაფიქროთ, ან უკან დავხიოთ რუსეთი.
ეს ნიშნავს იმას, რომ ეს პოლიტიკა უნდა იყოს უფრო გლობალური, ასევე, უნდა აღვნიშნო, რომ 2008 წელს საქართველო იყო რუსეთის საცდელი ტერიტორია, რომელმაც ისევ შეიარაღება დაიწყო.
დღეს კავკასია ევროკავშირის პოლიტიკისათვის სატესტო ტერიტორიაა, თუ რა შეუძლია მოიმოქმედოს მან ამ მეზობელ რეგიონთან და რუსეთთან მიმართებაში.
წელს ჩვენ ვნახეთ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისაკენ მიმართული სრულიად ახალი ჩართულობა.
პრეზიდენტი შარლ მიშელი, 6 თვის განმავლობაში, სამჯერ ჩამოვიდა საქართველოში და პირდაპირ ჩაერია ქვეყნის სტაბილიზაციაში, მისი კრიზისიდან გამოყვანის გზით. ასევე, მაგრამ უკვე ძალიან გვიანია, რადგან ომი მოხდა, დაიდო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ევროკავშირის მხრიდან არის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მედიაციის სურვილი, რაც აუცილებელია, რადგან ეს კონფლიქტი არ შეიძლება გადაწყვიტოს მხოლოდ თურქეთმა, რუსეთმა, ან სხვა ხელისუფლებებმა.
რა უნდა გაკეთდეს კავკასიაში? რუსეთთან დაპირისპირება არ არის სწორი და ევროპული გზა, ამისთვის ევროპას არც სამხედრო ძალაუფლება აქვს და არც სურვილი, მაგრამ მან უნდა აჩვენოს, რომ არის მნიშვნელოვანი აქტორი, და რომ არ დათმობს მის ადგილს. დღეს ბევრი დისკუსიაა ამ რეგიონში სხვადასხვა ფორმატების, დიდი ინფრანსტრუქტურული პროექტების შესახებ, რომელიც ევროპას შავ ზღვასთან, კასპიის ზღვასთან და აზიასთან აკავშირებს. ეს რეგიონი არ შეიძლება გახდეს ვინმესთვის ექსკლუზიური – არც რუსეთის, არც თურქეთისა და არც ირანისთვის. დღეს კარგად ვხედავთ, რომ ეს ქვეყნები აქტიურები არიან, აქვთ დამსახურება და ინტერესი, რომ იყვნენ ამ რეგიონში, არცერთ ამ ქვეყანას არ აქვს ეკონომიური საშუალება, რომ განახორციელოს ის დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებზეც ყველა საუბრობს. ევროპა ერთადერთია, ვისაც ეს ძალაუფლება გააჩნია. ეკონომიური ძალაუფლების გარდა, მას უნდა ჰქონდეს ხედვა, თუ რისი განხორციელება სურს, რეგიონის დასტაბილურების ხედვა და იმის აღქმა, თუ რაში მდგომარეობს მისი ძალა დღესდღეობით. ეს ძალა შეიძლება მდგომარეობდეს დიდი პოლიტიკური პროექტის განხორციელებაში.
დიდი პოლიტიკური პროექტი, რომელმაც კარგად იმუშავა, იყო გაფართოების პროექტი. დღეს არ ვიცით ეს პროექტი დასრულდა, თუ კითხვის ქვეშ არის. ნებისმიერ შემთხვევაში, ის აღარ გამოხატავს იგივე პოლიტიკურ ნებას, უნდა მოხდეს მისი გადახედვა, ან გამყარება სხვა სასწრაფო პროექტებით იმ დრომდე, სანამ ევროკავშირს გაფართოების საკითხზე ისევ საერთო ხედვა ექნება. იმისათვის რომ, აქ იყოს წარმოდგენილი, ისევე როგორც უკრაინაში, ევროპამ უნდა დაიბრუნოს რწმენა თავის თავში, რაც ძალიან რთულია, როდესაც იგი მრავალი გამოწვევის წინაშეა. ეს გამოწვევები, როგორიცაა ტერორიზმი, კიბერ შეტევები, ნარკოტიკები, მიგრანტები მის ტერიტორიაზეა. მიგრანტები, როგორც იარაღი და მიგრანტები, როგორც კრიზისი, რომელიც ასუსტებს ევროპულ საზოგადოებებს.
ამასთან, ჩვენ გვჭირდება და ველოდებით ევროპას, რომელსაც შეუძლია თავიდან აღმოაჩინოს მისი ღირებულებები, არის ასევე, პრობლემა ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის; აღარ ვიცით ვაშინგტონის კონსენსუსი ნამდვილად არსებობს თუ არა. მაგრამ საკუთარი ღირებულებებით ამაყი ევროპა ისევ უნდა გახდეს ამ ღირებულებების მატარებელი. ამერიკულმა ლიბერალიზმმა გარკვეულწილად ევროპაში შიდა კრიზისები, იდენტობის კრიზისები გამოიწვია. ევროპელ ერებს არ აქვთ იგივე ხედვა იმისა, თუ რა არის ევროპული იდენტობა და ისტორია. რუსეთი სარგებლობს ამ დაპირისპირებით და სრულიად არალეგიტიმურად წარმოგვიდგება კლასიკური ევროპული ღირებულებების დამცველად. სწორედ აქ უნდა დაბრუნდეს ევროპა ცენტრში თავისი ღირებულებებით – თავისუფლება, სოლიდარობა, ინდივიდუალურობა და ჰუმანურობა, რაც განსხვავდება შეერთებული შტატების დღევანდელი “სოციალური კორექტურისაგან”, რომელიც უცხოა სხვადასხვა ევროპული კულტურისთვის.
მეზობელი ქვეყნები, რომლებისთვისაც სტაბილურობა ევროპის მიერ საკუთარი თავის რწმენაზეა დამოკიდებულია, მისგან დიდი ქმედებების განხორციელებას ელიან“ – განაცხადა პრეზიდენტმა.
კითხვაზე, როგორ უნდა ითამაშოს საქართველომ თავისი ხელი თავისი სუვერენიტეტის, უშიშროებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ერთადერთი პერსტპექტივა ევროპასთან სიახლოვეა.
„ვფიქრობ, რომ 2008 წლის ომის შემდეგ, ცხადი გახდა, რომ არავინ ჩაერევა ომში საქართველოს დასაცავად. მიუხედავად ძალთა უთანასწორობისა, ომის დროს და ომის შემდეგ, ყველაფრის მიუხედავად, საქართველოს მთავარი გამარჯვება მისი ევროპული ორიენტაციის შენარჩუნებაა. თუ რუსეთის მიზანი ამ ტერიტორიების ოკუპაციით და საქართველოში სამხედრო შემოჭრით საქართველოსთვის მისი სტრატეგიული არჩევნების გაკეთებაში ხელის შეშლა იყო, ეს შედეგი მან ვერ მიიღო!
როგორც აღვნიშნე, ერთადერთი პერსპექტივა ევროპასთან სიახლოვეა; უფრო ანგაჟირებულ ევროპასთან, ევროპასთან, რომელიც აცნობიერებს, რომ დღეს რუსეთი იყენებს ყველა საშუალებას, მათ შორის ნეგატიურ ძალებს.
ხვალინდელ მსოფლიოში ევროკავშირს სხვა შესაძლებლობები და ძალაუფლების სხვა ბერკეტები აქვს, ისეთი როგორიცაა ტექნოლოგიური ინოვაციები, ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობა, ადამიანური რესურსები დამყარებული წარმოების ინიციატივებზე, თავისუფლებებზე, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მომავალში დადგება გათანაბრების დრო, რადგან მხოლოდ სუფთა ძალა არ არის საკმარისი, საჭიროა მოლაპარაკება. დღემდე ევროპამ დიალოგს მიანიჭა უპირატესობა და ხშირად ეს არის სუსტის დიალოგი ძლიერთან. საჭიროა, ზუსტად ვიცოდეთ რა გვინდა ამ დიალოგისგან, საჭიროა დიალოგიდან ნამდვილ მოლაპარაკებებზე გადასვლა წითელი ხაზების, ინტერესების, სიძლიერეების და სისუსტეების გათვალისწინებით. ამ მძიმე, მაგრამ გათანაბრებულ და სამართლიან მოლაპარაკებებში ჩვენ ვართ ევროპასთან, არასდროს ევროპის გარეშე!“ – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
ფორუმზე პრეზიდენტის გამოსვლის თარგმანს პრესსამსახური ავრცელებს.
წყარო: newposts.ge