ეპისკოპოსი გრიგოლ კაცია: მე პირადად არ ვიცი რა სიტუაციაა, მეუფე ნიკოლოზს უნდა ვკითხოთ

“მე პირადად არ ვიცი რა სიტუაციაა, მეუფე ნიკოლოზს უნდა ვკითხოთ, აქვს თუ არა მიხეილ სააკაშვილს სინანული, აქვს თუ არა ნამდვილად ფერისცვალება“ – ამის შესახებ აგარაკ-წალკის ეპისკოპოსმა გრიგოლ კაციამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ციხეში საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან კუმურდოს და კარის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის სტუმრობა შეაფასა.

როგორც გრიგოლ კაცია განმარტავს, ქრისტიანული თვალსაზრისით, კარგია როდესაც მღვდელმთავარი ადამიანს აზიარებს, კიდევ ერთხელ აუხნის რა არის მარხვა, სინანული და შეწყალება.

“მეუფე ნიკოლოზი ძალიან ღირსეული მღვდელმთავარია. ეს მისი პოზიციაა და ღმერთმა დალოცოს. იურდიულად არ ვიცი რა ხდება, მაგრამ ქრისტიანულად კარგია, რომ შევიდეს მღვდელმთავარი, მშვიდად ესაუბროს, აზიაროს. კიდევ ერთხელ აუხსნას რა არის მარხვა, სინანული, შეწყალება და შერიგება. მე პირადად არ ვიცი რა სიტუაციაა, მეუფე ნიკოლოზს უნდა ვკითხოთ, აქვს თუ არა მიხეილ სააკაშვილს სინანული, აქვს თუ არა ნამდვილად ფერისცვალება. ჩვენ ვიხსენებთ მიქაელს, როგორც საპყრობილეში მყოფ ადამიანს, კვეთაში, ბარძიმში ვლოცულობთ. საერთოდ უნდა მოვუსმინოთ ერთმანეთს, რომ იყოს შერიგება, პატიება, იყოს სიტყვა შემიწყალე, მაპატიე” – განაცხადა მიტროპოლიტმა გრიგოლ კაციამ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა აზიარა. როგორც მან აღნიშნა, 40-დღიანი მშრალი მარხვით სააკაშვილმა ძალიან დიდი ღვაწლი გასწია. ამასთან, განმარტა, რომ მიხეილ სააკაშვილმა საპატრიარქოს თავად შეუთვალა, რომ ზიარება სურდა და ამაზე ლოცვა-კურთხევა პატრიარქმა გასცა.

მოგვიანებით, აღნიშნულ ქმედებას გამოეხმაურა საპატრიარქო, როგორც გავრცელებულ განცხადებაში იყო ნათქვამი, მღვდელმთავრის აღნიშნულმა კომენტარებმა ხალხის დიდ ნაწილში ვნებათაღელვა გამოიწვია.საპატრიარქომ წუხილი გამოთქვა, რომ მიტროპოლიტ ნიკოლოზის ბოლოდროინდელმა პირადმა შეხედულებებმა ურთიერთშენდობის გზაზე ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა კიდევ უფრო გაართულა და იმედოვნებს, რომ ასეთ გადაცდომებს მომავალში აღარ დაუშვებს. ამასთან, როგორც საპატრიარქოს განცხადებაში იყო აღნიშნული, პოლიტიკური მოტივებით განპირობებული შიმშილობის (მითუმეტეს, რაციონი არასამარხოცაა) გაიგივება 40 დღიან მშრალ მარხვასთან, მარხვის არსის დაკნინებაა.

წყარო: newposts.ge