დესტრუქციულს უწოდებენ მმართველ გუნდში ოპოზიციის გეგმებს.
მათი განცხადებით, მათი ოპონენტების მხრიდან ჩატარებული აქციების და შიმშილობის მიზანი ქვეყნის დესტაბილიზაციაა. “ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ ოპოზიციის მოთხოვნები, როგორც რიგგარეშე არჩევნების, ასევე ყოფილი პრეზიდენტის კერძო კლინიკაში გადაყვანის თაობაზე უსაფუძვლოა.
“იყო გეგმა, რომ სააკაშვილი ჩამოვიდოდა, არჩევნების დღეს გამოჩნდებოდა, გამოაცხადებდნენ გამარჯვებულად საკუთარ თავს და შემდეგ დაიწყებოდა დესტაბილიზაციის შეუქცევადი პროცესი. ეს გეგმა არ გამართლდა, ახლა სხვა მეთოდს მიმართეს – ეს არის მუდმივი აქციები და ამას დაემატა შიმშილობა, რადგან ვერც აქციებმა აჩვენა ის შედეგი, რასაც მოელოდნენ. ეს არის ყველაფერი შანტაჟი, რომელიც მიმართულია არა რომელიმე პარტიის, ან ხელისუფლების, არამედ ქვეყნის წინააღმდეგ,” – აცხადებს უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი.
სოზარ სუბარის თქმით კი ოპოზიცია ყველა არჩევნების წინ ქმნის კატასტროფულ სურათს :
“ყველა არჩევნების შემდეგ კი გაბუტულები აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა, თუმცა გაყალბების შესახებ ერთ ფაქტსაც ვერ წარმოადგენენ ხოლმე.
ყველა არჩევნების შემდეგ ცდილობენ პოლიტიკის ქუჩაში გადატანას, თუმცა არც ეს გამოსდით. რამდენიმე ასეული კაცით იწყებენ და რამდენიმე ათეულზე ჩამოდიან ბოლოს და ახლა გადავიდნენ სრულ დესტრუქციაზე,” – აცხადებს სუბარი.
ოპოზიცია დღეს აქციებით თბილისის ორივე სანაპიროს გადაკეტვას გეგმავს.
“რუსთავი2”