დღეს კიდევ ერთხელ ვხდებით იმის მოწმე, რომ მიხეილ სააკაშვილს დაცვის უფლება წაართვეს, რომ სასამართლო გაუქმებულია.
დღეს კიდევ ერთხელ ვხდებით მოწმე იმის, რომ მიხეილ სააკაშვილს დაცვის უფლება წაართვეს, რომ სასამართლო გაუქმებულია – მიხეილ სააკაშვილის სამართლიანი სასამართლო არ აინტერესებს ბიძინა ივანიშვილს, – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ, პოლიტიკური შურისძიება მიმდინარეობს.
– “ჯერ კიდევ შაბათს იცოდა სასამართლომ, რომ თურმე პენიტენციური სამსახური არ აპირებდა მიხეილ სააკაშვილის გადმოყვანას სასამართლოში. ასეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ფონზე, მაშინ, როდესაც ყოველ წუთას ვსაუბრობთ, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესები უნდა შედგეს და მას უნდა მიეცეს სასამართლო პროცესზე დასწრების შესაძლებლობა – პენიტენციურ სამსახურს პირში წყალი ჰქონდა დაგუბებული და სასამართლოც ალბათ ტექნიკურ მიზეზს იტყვის, რომ კანცელარიაში იყო და არ ვიცოდითო. შაბათ დღეს ეს პოზიცია უკვე არსებობდა, შაბათს მათ უკვე იცოდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს დღეს აქ, სასამართლო პროცესზე არ მოიყვანდნენ. უნდა დავაფიქსიროთ, რომ სასამართლო სხდომა, ეს პროცესი არ ჩაინიშნა მანამდე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად არ დამძიმდა. პირადად ბადრი კოჭლამაზაშვილი იღებდა დავალებას, რომ ვიდრე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იქნებოდა იმდენად მძიმე, რომ მიზეზად მოეყვანა პენიტენციურ სამსახურს, რომ მისი გადმოყვანა მის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეუქმნიდა საფრთხეს, მანამდე არაფრის დიდებით არ ჩაეტარებინა პროცესი. ჩვენ გვახსოვს 10 ნოემბერს შეეძლო ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში მოსვლა, მაგრამ არ მოიყვანეს და ახლა უნდათ ეს ფორმალურ მიზეზად მოიტანონ. ყველას კარგად ესმის ამ ქვეყანაში, ყველა საერთაშორისო დამკვირვებელს ესმის, ვინც ამ პროცესებში ჩართულია, რომ მიხეილ სააკაშვილის სამართლიანი სასამართლო არ აინტერესებს ბიძინა ივანიშვილს, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სასამართლო სისტემა არ არსებობს, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირეbით ხდება მხოლოდ პოლიტიკური შურისძიება“ – განაცხადა ბექა ბასილაიამ.
ცნობისთვის, საქალაქო სასამართლოში თანხების გაფლანგვის საქმეზე სასამართლო პროცესი მიხეილ სააკაშვილის გარეშე მიმდინარეობს, რადგან პენიტენციურმა სამსახურმა მის სასამართლოში გადაყვანაზე კვლავ უარი თქვა.
წყარო: ptn.ge