იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე არ დასწრებით, პატიმრის არცერთი საპროცესო უფლება არ დარღვეულა.
ამის შესახებ მან კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
– “თუკი ვინმეს ინტერესშია, რომ ყველა პატიმრის უფლება იყოს დაცული, ეს არის, პირველ რიგში, სწორედ ის დაწესებულება და ის სამსახური, რომელსაც ეს ყველაფერი ევალება. ჩვენ რასაც თვალს ვადევნებთ, დაწესებულება მოწოდებული და მოწადინებულია იმისკენ, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული პატიმარზე ზრუნვა განხორციელდეს როგორც ჯანმრთელობის მიმართულებით, ასევე უსაფრთხოების მიმართულებით. მე აქ კითხვის ნიშნებს ვერ ვხედავ. საკითხი არის შემდეგნაირად – შესაბამისი დაწესებულება ზრუნავს პატიმრის და ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის როგორც ჯანმრთელობაზე, ასევე უსაფრთხოებაზე. რაც შეეხება მის სასამართლო პროცესზე გადაყვანის საკითხს, რა საპროცესო უფლება დაირღვა, ვერ დამისახელებთ. რომელი საპროცესო უფლების დარღვევაზეა საუბარი, როცა მიხეილ სააკაშვილს უფლება სხდომას ონლაინ აქვს დაესწროს და თუ ადამიანი უარს ამბობს სხდომაში ონლაინ დასწრებაზე, ეს მისი უფლებაა.
ჩემი ინფორმაციით, რაც საჯაროდაც მოვისმინეთ, მიხეილ სააკაშვილის სხდომაზე არდასწრებისას არის ორი ინტერესი – საზოგადოებრივი უსაფრთხოება, პატიმრის უსაფრთხოება და ჯანმრთელობის დაცვის საკითხი. ამ საკითხების გათვალისწინებით კონკრეტულ დაწესებულებას სრული უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება. თუ ვინმე რამეს არ ითვალისწინებს და იზიარებს, ხომ მიმართეს სტრასბურგს? მიმართონ კიდევ. სახელმწიფოს მოვალეობა არის თითოეულ პატიმარზე ზრუნვა და ამას აკეთებს. არანაირი პრინციპი არ დარღვეულა” – განაცხადა ოხანაშვილმა.
წყარო: newposts.ge