თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. საქმე ეხება დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის ეპიზოდს.
ექსპრეზიდენტთან ერთად, ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშიაც.
დღევანდელი სხდომა ბრალდების მოწმის გამოკითხვით უნდა განახლებულიყო, თუმცა დაცვის მხარე ამ დრომდე მედიის დასწრებას ითხოვს. მოსამართლემ განმარტება გააკეთა კოვიდრეგულაციებთან დაკავშირებით, რომელსაც არ იზიარებენ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები.
ამ დრომდე უცნობია, ჩაერთვება თუ არა პროცესში დისტანციურად პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი.
ის დღევანდელ სასამართლო პროცესს არ ესწრება. გადაწყვეტილება პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო და, განმარტების სახით, განცხადებაც გაავრცელა. მასში აღნიშნულია, რომ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, პატიმრის სხდომათა დარბაზში გადაყვანა, გარკვეულ რისკს უკავშირდება. ამ გადაწყვეტილების პარალელურად, განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს მიხეილ სააკაშვილის დისტანციურ მონაწილეობას სასამართლო პროცესში.
“იმედინიუსი”