საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტები ბელარუსის საზღვარზე მიგრაციული კრიზისის დეესკალაციის საჭიროებაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ემანუელ მაკრონსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
„ეს სატელეფონო საუბარი კრიზისის დასრულებას ემსახურებოდა. რაც შეეხება მიგრაციის საკითხს, მიუხედავად იმისა, რომ ბელარუსის საზღვარზე შექმნილი კრიზისის წარმოშობასთან დაკავშირებით ერთიანი აზრი არ არსებობს, ვლადიმერ პუტინმა პრეზიდენტს განუცხადა, რომ მას ესმის ამ სიტუაციის დასრულების საჭიროება“, – განაცხადეს საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
ემანუელ მაკრონმა ასევე გამოთქვა შეშფოთება უკრაინის საზღვართან შექმნილი მდგომარეობის გამო, სადაც ნატოს განცხადებით, რუსეთის სამხედრო ძალების მასშტაბური და უჩვეულო კონცენტრაციაა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა რუს კოლეგას განუცხადა, რომ საფრანგეთი მზად არის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი დაიცვას.