ჩრდილოეთ ნაკადის სერტიფიცირების შეჩერების გამო ევროპაში გაზი გაძვირდა

მას შემდეგ, რაც გერმანიამ „ჩრდილოეთ ნაკადის“ სერტიფიცირება შეაჩერა, ევროპაში ბუნებრივი აირი 17%-ით გაძვირდა. ამის შესახებ BBC იუწყება.

მომხმარებლები შიშობენ, რომ ახალი მილსადენის ამოქმედების გაჭიანურების გამო „გაზპრომი“ ევროპელ მომხმარებლებს სათანადო რაოდენობის  ბუნებრივ აირს ვერ მიაწვდის.

მიუხედავად იმისა, რომ „ჩრდილოეთ ნაკადი“ სრულად არის აშენებული, ექსპლუატაციაში მისი გაშვება გერმანიის მიერ შესაბამისის სერტიფიკატის მიღების შემდეგ მოხდება. გერმანიის კანონმდებლობის მიხედვით, ამისთვის შვილობილი კომპანიის შექმნაა აუცილებელი, რომელიც გერმანიის ტერიტორიაზე მილსადენის ოპერირებას მოახდენს. ყველა იურიდიული ფორმალობის მოსაგვარებლად რამდენიმე თვე  იქნება აუცილებელი. ამის შემდეგ კი სერტიფიკატი კიდევ ევროპულმა კომისიამ უნდა გასცეს.

უკრაინა და პოლონეთი გერმანიის მთავრობის ამ გადაწყვეტილებას მიესალმებიან. ვარშავა და კიევი მოსკოვს ბუნებრივი აირის პოლიტიკური ზეწოლისთვის გამოყენებაში ადანაშაულებენ.

ბალტიის ზღვის ფსკერზე გაყვანილი „ჩრდილოეთ ნაკადი-2“ ევროპაში რუსული გაზის მიწოდებას გააორმაგებს, მაგრამ მისი მეშვეობით საწვავი ევროპაში უკრაინის გვერდის ავლით მოხვდება, რითაც უკრაინა შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს დაკარგავს.