– “ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, „გირჩი მეტი თავისუფლებისთვის“ და „დროა“ 19 ნოემბერს, 15:00 საათზე მეტროსადგურებიდან „ავლაბარი“, „ვაგზლის მოედანი“ და „უნივერსიტეტი“ მსვლელობას გამართავენ.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მეტრო „ავლაბართან“ მსვლელობას სათავეში „ნაციონალური მოძრაობის“, „ვაგზლის მოედანთან“ – „ლელოს“, ხოლო „უნივერსიტეტთან“ „გირჩი მეტი თავისუფლებისთვის“ და „დროას“ ლიდერები ჩაუდგებიან.
„ყველა ხვდება, რომ საქართველოში სწრაფი ტემპით ყალიბდება რუსული ტიპის ავტოკრატია. ჩვენ „ქართული ოცნების“ რეჟიმი გვართმევს ისტორიულ არჩევანს, რომელიც გულისხმობს კანონის უზენაესობაზე, ადამიანის უფლებათა დაცვაზე მდგომ სახელმწიფოს, რომელიც უნდა იყოს ინტეგრირებული ცივილიზებულ დემოკრატიულ სამყაროსთან. ამ ყველაფერზე ღიად განაცხადეს უარი. ამაზე ღიად, საჯაროდ და გულწრფელად „ქართული ოცნება“ ვერასდროს ვეღარ გვეტყვის, რომ ისტორიული არჩევანი იცვლება. ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების ვალია, განურჩევლად პროფესიისა, სტატუსისა, ყველას გვაქვს ერთი მიზანი და ამოცანა, რომ არ მოხდეს ის, რაც მოხდა რუსეთსა და ბელარუსში – რუსული ტიპის ავტოკრატიამ საქართველოში ფესვები ვერ უნდა გაიდგას. ამიტომ ვაგრძელებთ, საპროტესტო, უწყვეტ, არაძალადობრივ მოძრაობას. ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ლელომ“, „გირჩი მეტი თავისუფლებისთვის“ და „დროამ“, რომ პარასკევს, 15:00 საათზე თბილისში, სამი განსხვავებული ლოკაციიდან მსვლელობა, მანიფესტაცია, დემონსტრაცია გაიმართოს.
მეტროსადგურ „ავლაბართან“, პარასკევს 15:00 საათზე შეიკრიბება „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა დიდი ჯგუფი და ვიქნებით იქ წარმომადგენლები. მეტროსადგურ „ვაგზლის მოედანთან“ იმავე დროს მსვლელობას სათავეში ჩაუდგებიან „ლელოს“ წარმომადგენლები და ლიდერები, მეტროსადგურ „უნივერსიტეტთან“ კი მსვლელობას სათავეში ჩაუდგებიან „გირჩისა“ და „დროას“ ლიდერები“ – განაცხადა ნიკა მელიამ.
წყარო: ptn.ge