ოპოზიციის ნაწილი, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებას, არასაკმარისად მიიჩნევს. მათი შეფასებით, პრეზიდენტის რიტორიკა შერბილებულია, თუმცა განცხადება მესამე პრეზიდენტის კერძო კლინიკაში გადაყვანისას საფრთხეების არსებობაზე არალოგიკურად მიაჩნიათ.
“”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა და ოფიციალურად, პარტიამ განვაცხადეთ, რომ თუ პრეზიდენტი სააკაშვილი გადაყვანილი იქნება კლინიკაში, ჩვენ ჩავერთვებით ყველანაირ საკითხში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და არანაირი აქცია არ გაიმართება ამ კლინიკასთან.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, მე ვისურვებდი, რომ უფრო მეტი კონკრეტიკა ყოფილიყო და უფრო მეტი სერიოზულობა ამ განცხადებაში,” – აღნიშნა ენმ-ის წევრმა, სულხან სიბაშვილმა.
განსხვავებულია “გირჩის” შეფასება, ისინი სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს ადეკვატურად მიიჩნევენ. მმართველი გუნდის ოპონენტები ასევე აცხადებენ, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში მზად არიან, უსაფრთხოების ნორმების დაცვაში თავადაც მიიღონ მონაწილება.
გუშინ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ვერ იქნება რიგითი პატიმარი. ასევე პრეზიდენტმა ხელისუფლებას მოუწოდა, რომ, დაცული იყოს ყოფილი პრეზიდენტის ღირსება, მისივე ქცევის მიუხედავად, რადგან ყოფილი პრეზიდენტი მაინც დაკავშირებულია სახელმწიფოსთან და პრეზიდენტის თქმით, ამ სტატუსს უნდა ეცეს პატივი.
“რუსთავი2”