რაც ახლა საქართველოში ხდება, პოლიტიკა არ არის. ეს არის ერთგვარად კაზინოში თამაში, სადაც ერთი მხარე ფსონად ჩამოდის საკუთარ სიცოცხლეს და მეორე მხარე მზად არის, ამ სიცოცხლით ითამაშოს, – ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისი ვარაუდით, ხელისუფლებას მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ მიხეილ სააკაშვილი სხვა კლინიკაში გადაიყვანონ, მაგრამ ამის ეშინია და სურს, ეს ყველაფერი საკუთარ გამარჯვებად „გაასაღოს“.
„სრულიად აშკარაა, რომ ხელისუფლება მოგონილი მიზეზებით იქცევა ასე სადისტურად. მათი რეალური მოტივი ძალიან მარტივია – ისინი აქამდეც გადაიყვანდნენ მიხეილ სააკაშვილს კლინიკაში, მაგრამ ამის ფასი მისი მორალური დამცირებაა. მათ აქვთ ისეთი ტიპის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ სანამ სააკაშვილს მორალურად არ დაამცირებენ, მანამდე მაქსიმალურად ხისტად უნდა იქცეოდნენ“, – განაცხადა ხუხაშვილმა.
“ინტერპრესნიუსი”
მისი თქმით, ხელისუფლებას აქვს მხოლოდ თვითგადარჩენილის ცხოველური ინსტინქტი და მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებაზე ფიქრობს.
„არ ესმით, ისინი საერთოდ პოლიტიკოსები არ არიან. პოლიტიკური ელიტის ერთგვარი სუროგატი შემოგვთავაზა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც პოლიტიკური თამაშის წესებით არ თამაშობს. მათი ერთადერთი ფასეულობა არის ძალაუფლება და ამ ძალაუფლების გამო ყველაფერზე წამსვლელები არიან. არანაირ თამაშის წესებს არ ცნობენ, უფრო სწორედ, არც იციან და არც ესმით“, – განაცხადა ხუხაშვილმა.
მისი განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის მორალური დამცირება მისი პოლიტიკური სიკვდილის ტოლფასი იქნება.
„ესენი არიან არსაიდან მოსული, ბუჩქებში მჯდარი ადამიანები, სპეცრაზმის უკან ამოფარებული რაღაც დაჯგუფება, რომელიც განსაკუთრებული სადიზმით გამოირჩევა იმის გამო, რომ არ იციან და არ ესმით, რა შეიძლება მოჰყვეს ამას“,-განაცხადა ხუხაშვილმა.
მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს არც იმიჯი აქვს და პოლიტიკურადაც „ფეიკია“.
„ეს არის გამოგონილი პერსონა, არსაიდან მოსული, რომელიც რაღაცებზე საუბრობს, რაღაცებს ხლართავს, ინტრიგებს და ა.შ. როგორც კი კობახიძე ხელისუფლებაში არ იქნება, ნახავთ, რომ ის საერთოდ არ იარსებებს. ის არის წითელი ნაჭერი, რომელიც გამოაქვთ ხოლმე კორიდაზე და ხარებს უქნევენ. რეალურად, მის უკან არც ბიოგრაფიაა, არც მომავალი და არც არაფერი“, – განაცხადა ხუხაშვილმა.
ექსპერტის თქმით, ხელისუფლება „ძალაუფლებას ეპოტინება“. როგორც გია ხუხაშვილი აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით აგდებული დამოკიდებულებით ხელისუფლებას ემოციურ ნაბიჯებზე ოპოზიციის პროვოცირება სურს.
„მეჩვენება, რომ ხელისუფლებას პირადი „რაზბორკა“ აქვს მიხეილ სააკაშვილთან“,-განაცხადა ხუხაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, „მთელი ქვეყანა კაზინოში ცხოვრობს, სადაც ფსონად სიკვდილი დევს, „რულეტკა“ ტრიალებს და ყველა ელოდება, რა მოხდება“.
„ოპოზიციისთვისაც კარგს ვერაფერს გეტყვით, შეიძლება პროტესტით რაღაც მიღწევადიც იყოს, მაგრამ რევოლუციური გზა მიშა სააკაშვილის ბელადობით პერსპექტიული არ არის იმიტომ, რომ რევოლუციური სცენარი ვითარდება მაშინ, როდესაც ხელისუფლება არის სტერილური და საზოგადოება კონსოლიდირებული. დღეს ჩვენი საზოგადოება მინიმუმ 3 ნაწილად არის გახლეჩილი“, – განაცხადა ხუხაშვილმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ერთადერთი ადამიანი, ვისაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნება შეუძლია, ბიძინა ივანიშვილია.
„ბიძინა ივანიშვილი ამ სამუშაოს ასრულებს. ის აბრუნებს მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლებაში, თუ ასე გააგრძელა. ის აძლიერებს და ყოველდღიურად კვებავს მათ“, – განაცხადა ხუხაშვილმა.