საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა დიპლომატიური პრაქტიკის დარღვევად შეაფასეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის მიერ ფრანგ და გერმანელ კოლეგებთან მიმოწერის გამოქვეყნება.
„ჩვენ ამ ნაბიჯს განვიხილავთ როგორც დიპლომატიური პრაქტიკის დარღვევას“, — განუცხადეს РИА Новости-ს გერმანიის საგარეო უწყებაში.
ხოლო საფრანგეთის საგარეო უწყების წრმომადგენელმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ „პარიზს მიაჩნია, რომ ასეთი მიდგომა დიპლომატიურ წესებსა და პრაქტიკას ეწინააღმდეგება“.
მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნდა სერგეი ლავროვის მიმოწერა ჰაიკო მაასთან და ჟან-ივ ლე დრიანთან. როგორც უწყება განმარტავდა, ამ ნაბიჯის გადადგმა იმ ფაქტმა აიძულა, რომ „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრის მომზადების პროცესში რუსეთის პოზიცია მახინჯდება.
„იმისათვის, რომ შემდგომი სპეკულაციები აღიკვეთოს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა გაასაჯაროოს პირველწყაროები და გამოაქვეყნოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის მიმოწერა გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებთან — ჰაიკო მაასთან და ჟან-ივ ლე დრიანთან“, — დაწერა სამინისტროს პრეს-სამსახურმა.
თავის მხრივ, სერგეი ლავროვმაც გააკეთა კომენტარი დიპლომატიური მიმოწერის გასაჯაროების თაობაზე და ფრანგი და გერმანელი კოლეგების ზოგ არაკორექტულ განცხადებას გაუსვა ხაზი, რაც გახდა კიდეც მოსკოვის ასეთი ნაბიჯის მიზეზი.
„შეიძლება ითქვას, რომ ყველა ყელში ამოვიდა. თავად ჩემი კოლეგები ალბათ არც ისე ღირსეულად იქცევიან, როცა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე შეკრების ინიციატივის განხილვისას ბოლო ორი კვირის განმავლობაში ყოველდღე აკეთებენ აროგანტულ, არც ისე ეთიკურ განცხადებებს – აქაოდა, ყველა მზადაა, პუტინმა დაავალა, მაგრამ ლავროვს არ სურს. დაახლოებით ასე იყო“, — განაცხადა მინისტრმა.
ამასთან ლავროვი აცხადებს, რომ „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრა მხოლოდ მაშინ გაიმართება, როდესაც კიევი მინსკის შეთანხმებებს შეასრულებს დონეცკთან და ლუგანსკთან დაკავშირებით.