სასამართლოს წინააღმდეგ სპეციალური დისკრედიტაციის კამპანია იმისთვის მიმდინარეობს, რომ „ნაცმოძრაობის” ლიდერებს მართლმსაჯულება ასცილდეთ.
სასამართლოს წინააღმდეგ სპეციალური დისკრედიტაციის კამპანია იმისთვის მიმდინარეობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს მართლმსაჯულება ასცილდეთ,- ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დაწყებამდე განაცხადა, რითაც სასამართლო სისტემაზე ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ოპოზიციას მართლმსაჯულების დელეგიტიმაცია სურს.
– “ჩვენ ვხედავთ სასამართლოს წინააღმდეგ მიმდინარე ანტიკამპანიას. ზოგიერთ ტელევიზიაში კლიპებიც გადის, სადაც მოსამართლეებს მკვლელებად მოიხსენიებენ. თუკი ამ დისკრედიტაციის კამპანიას შევაჯამებთ, რომელიც სასამართლოს წინააღმდეგ წლებია მიმდინარეობს, ერთ რამეს მგონი ლოგიკურად დავასკვნით, ეს არის სპეციალური დისკრედიტაციის კამპანია იმისთვის, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს მართლმსაჯულება ასცილდეთ, ყველაფერი აქეთკენ არის მიმართული, რომ მართლმსაჯულების დელეგიტიმაცია მოხდეს, ჰქონდეთ სათქმელი, რომ მიხეილ სააკაშვილი იქნება ეს თუ სხვა ლიდერი “ნაციონალური მოძრაობის”, მათ წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეები არ არის ლეგიტიმური” – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისათვის, პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით განხილვები იწყება. დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიების და მათი მოსმენის პროცედურაზე შეთანხმების საკითხი უნდა განიხილონ.
წყარო: ptn.ge