“ეს უნდა მოხდეს რუსეთის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით…” – რა ბარიერს ხედავს ღარიბაშვილი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში?

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა:

“რუსეთი არ სცემს პატივს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ჩვენი ქვეყნის ერთიანობას და აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას. სწორედ ეს არის მთავარი ბარიერი ჩვენს ურთიერთობებში.

როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, მაშინ ჩვენი პარტნიორების, მათ შორის ევროპელების, ამერიკელების თხოვნა, რეკომენდაცია, რჩევა იყო, რომ ჩვენ ყველაფერი გაგვეკეთებინა იმისთვის, რომ რეალური დეესკალაციისთვის მიგვეღწია. ვფიქრობ, ჩვენ ეს შევძელით.

გვიწევს თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში გამკლავება იმ გამოწვევასთან, რომელიც უკავშირდება ე.წ ბორდერიზაციას და მავთულხლართების ინსტალაციას, მათ შორის ჩვენი მოქალაქეების გატაცებას. არაერთი ძალადობრივი ფაქტი, მათ შორის მკვლელობაც დაფიქსირდა.

დეოკუპაცია რომ თავისით არ მოხდება, ალბათ ყველას კარგად გვესმის. ეს საკმაოდ რთული საკითხია, მაგრამ ეს უნდა მოხდეს რუსეთის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, რომ დასრულდეს დღევანდელი მდგომარეობა, არალეგალური, უკანონო მდგომარეობა, ეს არის მთავარი.”