“მრავალპოლუსიანი მსოფლიო”, რომლისთვისაც მსოფლიო არენაზე იბრძვის დღევანდელი რუსეთის ფედერაცია, წარმოადგენს “ერთპოლუსიანი მსოფლიოს” ანტონიმს, ანუ საპირწონეს გლობალური (გლობალისტური) იმპერიისა, რომლის როლზეც მუდმივად აცხადებს პრეტენზიას აშშ.
ასეთ შემთხვევაში ლოგიკურად გამომდინარეობს დასკვნა, რომ რამდენიმე პოლიტიკური “პოლუსი”, რომელთა სასარგებლოდაც გა-მოდის რუსეთი, უნდა გავიგოთ, როგორც ძალთა რეგიონული (კონტინენჰტური) ცენტრების – თანამედროვე იმპერიების მოცემულობა. ეს იმპერიები არა მხოლოდ კონკურენციას გაუწევენ ერთმანეთს, არამედ ერთმანეთთან ითანამშრომლებენ ძალთა ბალანსის საფუძველზე. როგორ შეიძლება იყოს შევსებული თანამედროვე იმპერიის შინაარსი, ეს ცალკე საკითხია, რომელზეც ჩემს მოსაზრებას ქვემოთ მოგახსენებთ.
ტერმინი “იმპერია” თანამედრომე მსოფლიოში ნეგატიურად უფრო აღიქმება, ვიდრე პოზიტიურად. მას ხშირად იყენებენ სიტყვა “იმპერიალიზმის” სინონიმად, მაგრამ ეს ერთი და იგივე არ არის. ტერმინი “იმპერიალიზმი” გაჩნდა მე-16 საუკუნეში ნეგატიური კონოტაციით, რომელიც გულისხმობს სამხედრო ძალაზე დამყარებულ დესპოტიას. რა თქმა უნდა, “იმპერიალიზმი” ერთ-ერთ მთავარ ანტიტერმინად იქცა მარქსისტულ სწავლებაში და გაიგივებული იყო ჩაგვრასა და ქვეყნებისა და ხალხების ექსპლუატაციასთან, დაპყრობასთან, კოლონიალიზმთან. ლენინი თავის ცნობილ ნაშრომში “იმპერიალიზმი, როგორც კაპიტალიზმის უმაღლესი სტადია” (1916 წ.) საკმაოდ დასაბუთებულად ათანაბრებდა იმპერიალიზმს მონოპოლიურ კაპიტალიზმთან და აქცენტს აკეთებდა ბრძოლაზე (დიდ სახელმწიფოებს, მათ შორის იმპერიას შორის) მსოფლიოს გადანაწილებისთვის. “იმპერიალიზმის” ასეთი ნეგატიური გამოყენება თითქმის ავტომატურად ვრცელდებოდა ტერმინ “იმპერიაზეც”.
“ცივი ომის” ეპოქაში მთავარი დაპირისპირებული მხარეები _ აშშ და სსრკ _ ერთმანეთს იმპერიულობასა და იმპერიალიზმ-
ში ადანაშაულებდნენ. ე.ი., ბურჟუაზიული დასავლეთი, რომელიც თავს “თავისუფალ სამყაროს” უწოდებს, მალულად უცხადებდა სოლიდარობას მარქსიზმს ცნება “იმპერიის” განსაზღვრაში და მას ნეგატიურად განმარტავდა. “იმპერიის” ასეთი ნეგატიური აღქმა შენარჩუნებულია თანამედროვე ლიბერალურ იდეოლოგიაში, თუმცა, გასული საუკუნის 70-80-იანი წლებიდან პოლიტოლოგიაში ჩნდება დეიდეოლოგიზებული, ნეიტრალური და ემპირიული დამოკიდებულება ცნება “იმპერიის” მიმართ: იმპერიალიზმის თეორიისგან ცალკე დაიწყეს იმპერიის თეორიის განხილვა.
ამასთანავე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ელიტა ამ “თავისუფალი სამყაროს” ფლაგმანის, ამერიკის შეერთებული შტატებისა, თავიდანვე არა მხოლოდ სიმპათიას ავლენ-და ძველი რომისადმი, არამედ ამერიკაში ამა თუ იმ ფორმიით აღადგენდა მას _ დაწყებული ყველა შტატის ფედერალური ცენტრის ოფიციალურ სიმბოლიკაზე დატანილი ლათინური სლოგანებით, დამთავრებული ბევრი შენობა–ნაგებობის რომაული არქიტექტურით. რომთან ამერიკის თვითიდენტიფიკაციით სხვადასხვა დონეზეა განმსჭვალული ამერიკელი საზოგადოება.
ამერიკის პოლიტიკური ელიტის ინტელექტუალურ დებატებში რომის ანტიკურობაზე მითითება ბოლო პერიოდამდე ყოველ ნაბიჯზე ხდებოდა, უწინარესად, ამერიკულ მასმედიაში.
მართალია, ეს თვითიდენტიფიკაცია მიეკუთვნება რომის რესპუბლიკას, მაგრამ აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში ასი პროცენტით არის გათვალისწინებული რომის რესპუბლიკის იმპერიული ხასიათი. სახელდობრ, რომის საგარეო ექსპანსია და სტაბილური, ხანგრძლივვადიანი ხმელთაშუაზღვისპირული იმპერიის (რომელიც დღევანდელი პოზიციებიდან ჩანს, როგორც გლობალური, უნივერსალური იმპერია) შექმნა იზიდავდა ამერიკის ელიტას და დღემდე გავლენას ახდენს ამერიკელთა თვითიდენტიფიკაციაზე.
პატრიკ ჯ. ბიუკენენის შესანიშნავ წიგნში “დასავლეთის სიკვდილი”, პოლიტიკოსის მიერ 2002 წელს დაწერილში, თვალსაჩინოდ არის აღწერილი ამერიკელი საზოგადოებისა და სახელმწიფოს ისტორიული იდეურ-მორალური ბურჯების თვითნგრევის პროცესი, რომელმაც წარმოშვა უცნაური ვითარება “ბლეკ ლაივს მატერ”. არ ვიცი, საბოლოოდ სადამდე მივა ეს პროცესი _ ერთიანი ამერიკის სახელმწიფოს დაშლამდე ან აშშ-ის ბაზაზე სუპერგლობალისტური იმპერიის შექმნამდე, რომელიც შეიძლება იყოს მხოლოდ ბოროტების ჭეშმარიტი განსახიერება (რეიგანის პერიფრაზირებით), მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ საბჭოთა წარსულის ლანძღვა ნიშნავს თანდათანობით თვითნგრევას რუსეთისა და მასთან ერთად იმ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისა, რომლებიც რუსეთის, როგორც მსოფლიოში ძალთა ბალანსის გარეშე, დასაღუპავად არიან განწირულნი.
სსრკ-ში “მეფის რეჟიმის” _ რუსეთის იმპერიის _ ლანძღვამ სსრკ-ის წინააღმდეგ ითამაშა (ეროვნულ რესპუბლიკებში ცარიზმის კრიტიკის ქვეშ იმალებოდა ნაციონალიზმი, რომელიც, ჯამში, აგრეთვე, მიმართული იყო კომუნიზმის წინააღმდეგ და, ამასთანავე, მოსკოვის, როგორც მეტროპოლიის წინააღმდეგ), ამიტომ რთულია, გაუგო თანამედროვე წამყვან რუს პოლიტიკოსებს, რომლებიც, როდესაც სურთ, შეადარონ დღევანდელი ნეგატიური დასავლური რეალიზმი რაღაც ცუდს წარსულიდან, იხსენებენ ბოლშევიკებს, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტს და ა.შ.
ამის ნაცვლად ტყუილებში ჩაფლულ დასავლელ ოპონენტებს შეიძლება თავიანთი ადგილი მიუჩინო იმით, რომ ნაცისტებს შეადარებ; მათ რუსოფობიურ პროპაგანდას _ გებელსის პროპაგანდას ან, თუ ეს “მეტისმეტია”, მაშინ გებელსის მასწავლებელს (დაუსწრებლად), შემქმნელს თანამედროვე ეფექტიანი პროპაგანდისა, რომელსაც ანგლოსაქსების აღსაქმელად ლამაზი სიტყვა “პიარი” უწოდეს _ ედვარდ ბერნეისის პროპაგანდას, აგრეთვე, მისი კოლეგის, უოლტერ ლიპმანისა და დასავლეთის სხვა “გამოჩენილი” მოღვაწეებისას.
ამით მე მივედი შემდეგ პუნქტთან, რომ საბჭოთა კავშირი, აგრეთვე, უნდა აღვიქვათ იმპერიად, ისევე, როგორც მოსკოვის სამეფოს გაძლიერების პერიოდი, 1721 წელს სენატისა და სინოდის მიერ იმპერატორად პეტრე I-ის გამოცხადებამდე.
იმპერია, სახელწოდება კი არა, ფაქტობრივი მდგომარეობაა. რუსეთი უკვე მაშინ გახდა იმპერია, როცა 1453 წელს დაეცა კონსტანტინოპოლი და მოსკოვმა მალე დაიწყო თავის აღქმა მესამე რომად (ნიშანდობლივია, რომ კონსტანტინოპოლის განმათავისუფლებლად მოსკოვი პირველად მოხსენიებულია მე-15 საუკუნის ქართველი ავტორების ნაშრომებში). არსებითი მნიშვნელობა არ აქვს იმას, რუსეთის, როგორც კატეხონის – ქრისტიანული სამყაროს მხსნელის _ სიმბოლომ მოგვიანებით მეორე პლანზე რომ გადაინაცვლა და თითქმის დავიწყებას მიეცა. ამის დასამტკიცებლად მშობლიური საქართველოს მაგალითის მოყვანაც საკმარისია, თუმცა მოგვიანებით იყო ბალკანეთის რელიგიური მომენტით მოტივირებული განთავისუფლებაც.
რუსი იმპერატორები, ისინიც კი, ვისაც ცოტა საერთო ჰქონდა რუს ხალხთან ეთნიკურობის თვალსაზრისით (რუსი ხალხის გარეშე კი არანაირი რუსეთის იმპერია არ იქნებოდა), სანამ იმპერატორის ტახტზე ავიდოდნენ, აუცილებლად იღებდნენ მართლმადიდებლობას. საბჭოთა იმპერიის _ საბჭოთა კავშირის _ ლიდერმა სტალინმა ცნობიერად თუ არაცნობიერად შეძლო ცეზარიზმის (ანუ, პირობითად, “ბონაპარტისტული საიმპერატორო ძალაუფლების”) _ “ამ ტიპურად არაქრისტიანული (საიმპერატორო) ძალაუფლების სინთეზირება ქრისტიანული კატეხონის ფუნქციასთან. სტალინი რუსეთის, საბჭოთა კავშირის, რუსეთსა და საბჭოთა კავშირში შემავალი ყველა ხალხის ხსნის მთავარი ავტორია, როგორც ნაცისტური გერმანიისა და მისი მოკავშირეების აგრესიისგან, ისე ტროცკისტული სიგიჟისგან. ამიტომ სტალინისა და მისი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ნებისმიერი გამოხდომა არასამეცნიერო დისკუსიის ჩარჩოში მტრული აქტია რუსეთის, როგორც იმპერიის მიმართ. მაგრამ, ამასთანავე, არ შეიძლება იყოს არანაირი “ლიბერალური იმპერია” რუსეთის სახით, მისი ისტორიის, პოლიტიკური და კულტურული ტრადიციების გათვალისწინებით. ბოდიში, მაგრამ რუსულ “ლიბერალურ იმპერიას” ალტერნატივა აქვს და ის გაცილებით მიმზიდველია. რუსეთი შეიძლება იყოს მიმზიდველი, მაგრამ არა ლიბერალიზმით, არამედ იმპერიული ლიდერობით მართლმადიდებლურ-ტრადიციული ფასეულობების შენარჩუნების საქმეში. ერთი მხრივ, ნეოწარმართული დასავლეთის, ხოლო, მეორე მხრივ, ისლამიზმის იერიში ისტორიული რუსეთის იმპერიის ხალხებს, მართლმადიდებლობისა და ისლამის აღმსარებლებს, ბუნებრივ მოკავშირეებად აქცევს.
თანამედროვე იმპერია _ ეს არის კონფედერაციული სივრცითი ცნება, სივრცითი წესრიგი. საჭირო არ არის იმპერიის იდეის გაიგივება მონარქიზმთან, უცნაური ცერემონიების მოწყობა ისტორიულ ტაძრებში და ა.შ. ცეზარიზმისა და კატეხონის სინთეზი არც ისე შორეულ ისტორიულ წარსულში აპრობირებული მეთოდია, რომელსაც ყველა წინაპირობა აქვს, კვლავ აღორძინდეს თვალსაწიერ მომავალში.
გულბაათ რცხილაძე
წინამდებარე მასალა ავტორმა მოამზადა რუსულ ენაზე და წაიკითხა მოსკოვში, დსთ–ის ინსტიტუტის მიერ რუსეთის იმპერიის შექმნის მე-300 წლისთავის გამო მოწყობილ კონფერენციაზე.
თარგმნა გიორგი გაჩეჩილაძემ (გაზეთი “საქართველო და მსოფლიო”)