კიევში ირაკლი მალანიას დაჭრისთვის გიორგი არუთინოვია დაკავებული

კიევის ცენტრში 10 ტყვიით დაჭრილი ირაკლი მალანია ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში მძიმე მდგომარეობაში რჩება.

16 ნოემბერს ირაკლი მალანია ერთ-ერთი საქმის პროცესზე უნდა გამოცხადებულიყო, როდესაც შენობასთან მისულს სასამართლოს ეზოში 10 ტყვია ესროლეს.

„კურიერმა“ დანაშაულის მოტივი და სავარაუდო ბრალდებულების ვინაობა გაარკვია. დაკავებულია ე.წ. ფეიქრიშვილების დაჯგუფების ერთი წევრი გიორგი არუთინოვი, კიდევ ორზე კი ძებნაა გამოცხადებული. საქართველოს მოქალაქეები – 37 წლის გიორგი არუთინოვი, 36 წლის ლაშა სიხარულიძე და 32 წლის ნოდარ ნიშნიანიძე განზრახვის სისრულეში მოსაყვანად კიევში რამდენიმე დღის წინ საგანგებოდ ჩავიდნენ.

საქმეში ფიგურირებს ნოდარ ნიშნიანიძე, რომელიც არაერთი გახმაურებული კრიმინალური გარჩევის მონაწილეა. ამჯერად საქმე გვაქვს ორ კლანს შორის წლების განმავლობაში მიმდინარე შეიარაღებულ დაპირისპირებასთან, რომელმაც უკვე შეიწირა რამდენიმე ადამიანი. კიევში მომხდარი ფაქტიც შურისძიებას უკავშირდება.

სამივე მათგანს უახლოესი მეგობრობა აკავშირებს ძმებ გიორგი და დავით ფეიქრიშვილებთან, რომლებსაც თბილისში ტყუპების მეტსახელით იცნობენ, თავდასხმის სამიზნე ირაკლი მალანია კი 2016 წელს თბილისში მოკლული სოსო ჯოხაძის მეგობარია.

სოსო ჯოხაძის მკვლელობის ბრალდებით სასჯელს იხდის „ფეიქრიშვილების დაჯგუფების“ კიდევ ერთი წევრი ბადუკა ნათობაძე. ამავე პერიოდში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთმანეთის მიყოლებით დააპატიმრეს ფეიქრიშვილების გარემოცვის წევრები, მათ შორის, ირაკლი მალანიაზე თავდასხმაში მხილებული ნოდარ ნიშნიანიძე.

ნოსტალ ჯი