„ნაციონალურ მოძრაობაში“ დიდი განხეთქილებაა – საქმეში ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანიაც კი ჩაება. როგორც ჩანს, მელიასა და სააკაშვილის ფრთას შორის დაპირისპირება სააკაშვილის გათავისუფლების და რიგგარეშე არჩევნების თემაზე გამწვავდა.
სააკაშვილი და თავად მისი უახლოესი გარემოცვა ქუჩაში მასშტაბურ აქციებს ითხოვს. მელია კი ისევ კოალიციის იდეას ემხრობა და მიიჩნევს, რომ ენმ-ს ფართომასშტაბიანი პერმანენტული აქციების რესურსი არა აქვს.
ანალიტიკოსების ნაწილი ვარაუდობს, რომ სააკაშვილმა თავის ჯგუფს, მელიას წინააღმდეგ საბრძოლველად მწვანე შუქი აუნთო და დიდი ალბათობით, მას ახალი წლისთვის თავიდან მოიშორებს, თუმცა უხმაუროდ, რადგან მელიას პარტიაში მხარდამჭერები ჰყავს და არ უნდა ამან პარტიის გახლეჩვა გამოიწვიოს. სავარაუდოდ, პარტიის რადიკალური ფთა გაღიზიანებული 23 ნოემბრის ასეთი ფორმით ჩატარებაზეა და მთელს ჯავრს მელიაზე იყრიან.
კოალიციის წინასაარჩევნოდ შექმნის იდეა, რომელსაც ენმ-ის თავმჯდომარე, ნიკა მელია ლობირებდა, თავიდანვე არ მოსწონდა პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების ერთ ნაწილს.
ამ მიზეზით და კიდევ იმის გამო, რომ შეკრებილ ხალხს აქციების შემდეგ სახლში უშვებდა, მელია ხშირად ხდებოდა მწვავე კრიტიკის სამიზნეც. პარტიის მხარდამჭერების ამ კატეგორიას ბოლო პერიოდში არც ის მოსწონს, რომ მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ, მწვავე საპროტესტო აქციები აღარ გამართულა.
19 ნოემბერს, როდესაც ექსპრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, ნიკა მელიამ თქვა, რომ გორში, კლინიკასთან აქციები არ გაიმართება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ „რუსთაველის გამზირი ცარიელი იქნება“.
„კვირის ბოლოს მე, მეგობრებთან ერთად, ძალიან კონკრეტულ გეგმას დავდებ. საზოგადოებას გავაცნობთ, თუ რა არის ჩვენი გაწერილი (დიახაც, მისხალ-მისხალ, რამდენადაც შესაძლებელია), სამოქმედო სტრატეგია, რომელიც გამარჯვებამდე მიგვიყვანს. ყველაფერთან ერთად, ყველაზე მნიშვნელოვანია სტრატეგიული მოთმინებაც“, – მბობს მელია.
გათავისუფლება ქუჩაში გამოსული ხალხის სიმრავლითა და აქტიურობით წარმოუდგენია მიხეილ სააკაშვილს და ეს მან ციხიდან გამოგზავნილ წერილებში არაერთხელ აღნიშნა.
ენმ-ის მხარდამჭერები სოციალურ ქსელებში ხშირად სწუხან იმის გამო, რომ ხალხი ქუჩაში საკმარისი რაოდენობით არ გამოდის, რომ „თავების მთვლელ“ ხელისუფლებას იძულებითი ნაბიჯები გადაადგმევინონ.
„ვინმეს გაუგია, რომ გმირობა აზიანებდეს რაიმე მოძრაობას?“ – განაცხადა გორის ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ გიული ალასანიამ. მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, დედა ამბობს, რომ მისი შვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმეა.
მან უკმაყოფილება ვერ დამალა იმ მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობამ ოპოზიციის სტრატეგია და ერთიანობა დააზიანა:
„გაოგნებული ვარ, გუშინ, უცებ, მოვისმინე ერთი ბრძენი ადამიანის განცხადება, რომ თურმე, ნუ იტყვი და ამისმა 50-დღიანმა შიმშილობამ დააზიანა ოპოზიციური მოძრობა. ვინმეს გაუგია ესეთი ისტორიული ფაქტი, რომ გმირობა აზიანებდეს რაიმე მოძრაობას?“ – ამბობს ალასანია და მიიჩნევს, რომ ახლა საჭიროა საზოგადოების აქტიურობა იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს გათავისუფლებული.
ვინ არიან კრიტიკის მთავარი ადრესატები, ენმ-ის ერთ-ერთი წევრი გიორგი ჩალაძე არ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ „ეს ეხებათ ლიდერებს“ ენმ-შიც და სხვა ოპოზიციურ პარტიებშიც. კონკრეტულად რა არ მოსწონს მას? – პასუხია: „მაგალითად, შეცდომა იყო შარლ მიშელის შეთანხმების ხელმოწერა და პარლამენტში შესვლა; აქციების შემდეგ ხალხის სახლში გაშვება – პროცესი ქუჩაში უნდა დატოვო – ერთი დღე, ორი დღე, ათი დღე და საერთაშორისო მხარდაჭერაც მოვა და გამარჯვებაც იქნება“.
ჩალაძე მიიჩნევს, რომ რეგიონებიდან ხალხი ექსკურსიაზე არ უნდა ჩამოიყვანონ და ქუჩებში მოსესავით აქეთ-იქით არ ატარონ.
„ბოდიში და ჩვენ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეზე ვლაპარაკობთ. ოპოზიციის რომელიმე ლიდერს თუ ჰგონია, მას რამე აკლდა, ძალიან ცდება. რისთვის ჩამოვიდა, რომ ოპოზიციური ერთობა აერია? ეს ამდენი ხალხი ქუჩაში რისთვის გამოვიდა? ტვინი ყველამ კარგად გაანძრიოს და თვალი გაახილონ. ერთი სახელი და გვარი აქვს ყველა უსაქმურ ხალხს, რომელიც მოსესავით დადის, ვისაც ხალხი ქუჩაში დაჰყავს და შედეგი არ მოაქვს – ცვლილებებს ვერ სთავაზობენ. აქ ორი ვარიანტია – ან ორმაგ თამაშს თამაშობ, ან კიდევ, დანიშნული ლიდერები არიან. სააკაშვილმა გადასარევად თქვა, რომ მოვრჩეთ სეირნობებს და დემოკრატიობის თამაშს, მოქმედებაზე გადავიდეთო. სახელის და გვარების დასახელების არ მრცხვენია, დანიშნულ ლიდერებს რომ ვამბობ, აქ მელიას არ ვგულისხმობ, ის არჩეული თავმჯდომარეა, ხოლო პარტიაში შავი დინებები უნდა დასრულდეს. დანიშნული ლიდერების დრო არ არის“, – ამბობს ჩალაძე.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ რომ შიდა რღვევის პროცესი დაიწყებოდა, ამის პროგნოზი უკვე კეთდებოდა და ეს მოსალოდნელიც იყო. აბაშიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ნიკა მელიას ფრთა ენმ-ის ძველი ჯგუფისთვის სრულიად მიუღებელია. ამის პარალელურად კი მწვანე შუქის ანთება სააკაშვილის მხრიდან მოხდა, როდესაც გორის ჰოსპიტალში მისი გადაყვანის დროს წერილი გამოგზავნა და მელიას გარდა ყველას მადლობა გადაუხადა.
„წერილში ყველა იყო ჩამოთვლილი, მათ შორის ნიკა გვარამია და სხვა ადამიანები. აქ მელია ნახსენები საერთოდ არ იყო. შემექმნა შთაბეჭდდილება, რომ სააკაშვილმა თავის პარტიის წევრებს მწვანე შუქი აუნთო, რათა მელიას დამუნათება დაიწყონ. რაც შეეხება კითხვას – რატომ ვერ ახერხებს სააკაშვილი მელიას ხელაღებით გაშვებას? – ამის მიზეზი შექმნილი სიტუაციაა. მას ჯერჯერობით არ უნდა, რომ ისედაც დაძაბულ ფონზე, პარტიის შიგნით და გარეთაც, მხარდამჭერებში გარკვეული უკმაყოფილება გაჩნდეს.
მელია არჩეული თავმჯდომარეა, ამიტომაც მისი ასე, ერთი ხელის მოსმით გაგდება ვერ მოხდება. მას ნელ-ნელა წყალს შეუყენებენ, რაღაცებში დაადანაშაულებენ და თავიდან ასე მოიშორებენ. ამის პარალელურად კი, სააკაშვილი ცდილობს, ციხიდან გათავისუფლების თემა მოაგვაროს. ბოლოს, მაინც მგონია, რომ მელია ისე დარჩება. თავმჯდომარეობის ადგილს კი ან გვარამია ან კიდევ ხატია დეკანოიძე დაიკავებს. ახალი წლები მოვა, ცოტა ყურადღება მოდუნდება და მელიას სააკაშვილი ძალიან მშვიდად გაუშვებს“, – ამბობს გია აბაშიძე for.ge-სთან.
ანალიტიკოსის გია ხუხაშვილის შეფასებით, პოლიტიკური დღის წესრიგი მთლიანად მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულმა საკითხებმა დაიკავა და მეორე პლანზე გადავიდა კოალიციის ერთობლივი გეგმები – „წართმეული არჩევნების“ დაბრუნებასა თუ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით. ამიტომაც ამით ყველაზე მეტად ხელისუფლება სარგებლობს. ხუხაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ მართალია, სააკაშვილმა ახლა ტაქტიკური ბრძოლა მოიგო, მაგრამ ომის მოგების მეტი რესურსი ხელისუფლებას აქვს.
„ყველა და ყველაფერი სააკაშვილის გარშემო ტრიალებს. ამან უკანა პლანზე გადასწია კოალიციის იდეაც და ხელისუფლებასაც მისცა საშუალება, რომ კოალიციისთვისაც დაერქმია „ნაციონალური მოძრაობა“. ხელისუფლების ლოგიკა მარტივია – ის ახდენს მიშას დემონიზაციას, „ნაციონალურ მოძრაობას“ არქმევს ყველა პარტიას, რომელიც მასთან რაიმე ფორმით თანამშრომლობს. დღეის მდგომარეობით, უბრალოდ, კოალიცია არ არსებობს. ამიტომ სააკაშვილმა, მართალია, ტაქტიკურად ერთი ბრძოლა მოიგო, მაგრამ ხელისუფლებას ომს ვერ მოუგებს. ამის ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს. ვნახეთ დასავლეთი უცბად როგორც აჭიკჭიკდა და იქ ჩასულმა კობახიძემ, სხვებთან ერთად ევროპარლამენტარები ადვილად მოთაფლა. ეს იმიტომ, რომ დასავლეთს საქართველოში დესტაბილიზაცია არ უნდა. მათთვის მთავარი სიმშვიდეა, რის გარანტიასაც „ოცნება“ აძლევს. ამიტომაც სააკაშვილს ბევრი აქვს საბრძოლი და თუ ასე სწრაფად დანებდა, მაშინ არ ვიცი რა იქნება. ხალხს რადიკალიზმი და ქუჩა აშინებს“,-ამბობს ხუხაშვილი.
ლიკა ბერიკაშვილი