თემირლან მაჩალიკაშვილი 23 წლის გახდებოდა – „ჩემო უსამართლობით განწირულო შვილო“ – დედის ემოციური პოსტი

2017 წელს სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილი დღეს 23 წლის გახდებოდა.

ამ თარიღთან დაკავშირებით დედამისი მედიკო მარგოშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და იმედოვნებს, რომ ოდესმე  მისი შვილის მკვლელები დაისჯებიან.

„შეუსრულებელ 23 წლის იუბილეს გილოცავთ იმიერში: შენი გულდათუთქული მშობლები, დები, დეიდა, ბებიები, ბიძები, ბიცოლები, ბიძაშვილები, დეიდაშვილები, ძმაკაცები, ახლობლები და ყველა ვინც კი გიცნობდა და ისინიც ვინც შენი გარდაცვალების შემდეგ, გაიგო შენს შესახებ!… ჩემო უსამართლობით განწირულო შვილო. 23 წლის უნდა გამხდარ იყავი ჩემო თემირლან! ძალზე ძნელია ჩემთვის დავწერო ეს სიტყვები. შენ უნდა ყოფილიყავი, ჩვენი გვარისა და ჯიშის გამგრძელებელი და დაგეწერა ჩემზე მოსაგონებელი ამბები!… ცრემლით გულის ტკივილით და ყელში მობჯენილი ბოღმით თენდება, ჩვენთვის ყოველი დღე და მხოლოდ ლოცვის დროს ღმერთის წყალობით, ვგრძნობ თავს, შენთან სიახლოვეს და ცოტაოდენით ვმშვიდდები. 23 წ ე ლ ი ! 23 ტყვია მოხვდეს ყველა იმ ადამიანს ვისი სიტყვაც და ხელი ერიოს შენს არ ყოფნაში! მე კი გაყინული ვივლი სანამ შენ შეგხვდები ! როგორ მძიმდება დღითი დღე ჩვენთვის ! როგორ ვერიდებით უშენობას ! ოღონდ იმ დღეს არ მომასწროს ღმერთმა უშენობა დამაჯეროს…. ოღონდ ჭკუიდან ნუ გადამიყვანს უშენობა… საშიში ტკივილი ხარ თემირლან !
მაპატიე დეე სათანადოდ, რომ ვერ გაგიფრთხილდი, უბრალოდ ვერ წარმოვიდგინე, რომ შენნაირ კეთილშობილ თბილ, ანგელოზ ბავშვს,სიცოცხლეს ვინმე თუ წაართმევდა. ახლა საიმედო ხელში ხარ. ღმერთს ებარებოდე დეე! მე მარტო ის მამშვიდებს, ყოველი გასული დღე მაახლოებს, შენთან შეხვედრის თარიღს. ჩემო ერთად ერთო, ჩემო სამყაროვ. შენ იყავი ჩემი ცხოვრების აზრი, უშენოდ ყველაფერმა დაკარგა აზრი. არ არსებობს იმაზე დიდი უსამართლობა რაც შენ დაგმართეს, დღევანდელმა ოცნების დესპოტმა მთავრობამ. მოვა დრო და როგორც შენ ვერ უსწორებ მზეს თვალს, ისე შენ ვერ გაგისწორებენ ის ადამიანები, ვინც უსამართლოდ მოგექცნენ“, – მედიკო მარგოშვილი.

2017 წლის 26 დეკემბერს, სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაიჭრა 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი. ის სახელმწიფომ ტერორისტების და კერძოდ, საერთაშორისო ტერორისტის – ახმედ ჩატაევის მხარდამჭერად გამოაცხადა. მას შემდეგაც, ეტაპობრივად გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუსი) ყოველ ჯერზე ცდილობდა ამ ვერსიის განმტკიცებას.