სადაც „ქართულმა ოცნებამ“ კონტროლს ვერ მიაღწია, იქ თვითმმართველობას და არჩევნების შედეგებს აუქმებს.
სადაც ვერ მიაღწიეს კონტროლს, იქ პრაქტიკულად, აუქმებენ თვითმმართველობას და არჩევნების შედეგს – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, ის, რაც ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოში ხდება, ეს არის მაგალითი იმის „როგორ ეპყრობა ივანიშვილის რეჟიმი საკუთარ მოქალაქეებს და არა ოპოზიციას“.
– „მიუხედავად ყველა არალეგიტიმური მეთოდისა, რაც გამოიყენეს ამ არჩევნებზე, სადაც ვერ მიაღწიეს კონტროლს, იქ პრაქტიკულად აუქმებენ თვითმმართველობას და არჩევნების შედეგს. ეს არჩევნების შედეგი არალეგიტიმური იყო იმ მეთოდების გამო, რაც გამოიყენა ჯამში რეჟიმმა, მან წააგო არჩევნები საქართველოში და გაიფორმა გამარჯვება, მაგრამ სადაც მოხერხდა მოქალაქეების მობილიზების შედეგად კონტროლის ჩამორთმევა ივანიშვილის რეჟიმისთვის, საკრებულოებში და დიდ ქალაქებში, ბათუმი ამის მაგალითია, იქ გვაჩვენებენ ძალას იმით, რომ უგულებელყოფენ მინიმალურ დემოკრატიის სტანდარტს“ – ბოკერიამ განაცხადა.
ცნობისთვის, ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებმა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი ოპოზიციის პროტესტის ფონზე დაამტკიცეს. ბიუჯეტი, საკრებულოების ახალი შემადგენლობის შეკრებამდე, ძველმა შემადგენლობამ გაიტანა კენჭისყრაზე, რაც ოპოზიციის შეფასების, ამომრჩევლის არჩევანის ფეხქვეშ გათელვაა.
წყარო: itv.ge