“ქართული ოცნების” დეპუტატი შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ საქართველოში ჟურნალისტების უსაფრთხოება ისევეა დაცული, როგორც ნებისმიერი მოქალაქის, თუმცა ამავე დროს, აღიარებს, რომ 5 ივლისს სახელმწიფომ ისინი ვერ დაიცვა.
მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე მმართველი გუნდის დეპუტატმა “მედია ჩეკერთან” ისაუბრა.
ინტერვიუში პაპუაშვილმა ისიც თქვა, რომ ჟურნალისტები, რომლებიც ამბობენ, რომ ქვეყანაში უსაფრთხო გარემო არ არის, “პროპაგანდის ნაწილი არიან”.
– “სანამ მაგას ვიტყვით, უნდა ვთქვათ, ჟურნალისტი, რომელიც ამბობს, ქვეყანაში უსაფრთხო გარემო არ არისო, იმაზე უნდა დავფიქრდეთ, ხომ არ არის ეს ჟურნალისტი პროპაგანდის ნაწილი? შეიძლება, იმის თქმაც, უსაფრთხო გარემო არის თუ არა, პროპაგანდის ნაწილია. ახლა დავუბრუნდეთ თქვენს კითხვას, შეძლო თუ ვერა სახელმწიფომ ჟურნალისტების დაცვა 5 ივლისს? ფაქტია, რომ ვერ შეძლო. იმიტომ, რომ გვყავს დაშავებულები” – თქვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, “თბილისი პრაიდის” კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი “ღირსების მარში” 5 ივლისს ვერ შედგა. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ, ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ, მოგვიანებით კი რუსთაველზე პარლამენტთან გადაინაცვლეს, სადაც ოპოზიციის კარვები დაარბიეს.
რადიკალური ჯგუფები ასევე “თბილისი პრაიდის” ოფისში შეიჭრნენ, სცადეს მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისის დარბევაც. მოძალადეების მთავარი სამიზნე მედია გახდა. სცემეს 50-ზე მეტი ჟურნალისტს. სწორედ “სირცხვილიას” ოფისთან გაუსწორდნენ სასტიკად “TV პირველის” ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას, რომელიც 11 ივლისს, დედამ საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახა.
წყარო: newposts.ge