რა გახდა ევაკუაციის მიზეზი — „გალერია თბილისის“ განმარტება

26 ნოემბრის საღამოს, როცა სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისში“ „შავი პარასკევის“ მიზეზით ფასდაკლებების აქციაზე ხალხის დიდი ნაკადი იყო მისული, მოულოდნელად სასწრაფო ევაკუაცია გამოცხადდა.

მომხარებლები ფეისბუკზე წერდნენ, რომ ჯერ შუქის გამორთვის, შემდეგ კი ევაკუაციის გამო ვერ ისარგებლეს ფასდაკლებებით.

თავისუფლების მოედანზე მდებარე სავაჭრო ცენტრმა რამდენიმე საათში განმარტება ფეისბუკგვერდზე გამოაქვეყნა, სადაც წერია:

„ელექტროენერგიის ძაბვის ვარდნის გამო დაზიანდა სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთი ტრანსფორმატორი, რამაც გამოიწვია „გალერია თბილისის“ მაღაზიებში ელექტროენერგიის შეწყვეტა. ამ მიზეზით შენობაში ჩაირთო განგაშის სიგნალი, თუმცა, რამდენიმე წუთში, მას შემდეგ, რაც ტექნიკური სამსახური დარწმუნდა, რომ შენობაში ყოფნა იყო უსაფრთხო, მომხმარებლები დაბრუნდნენ შენობაში.

ამ ეტაპზე ვმუშაობთ პრობლემის მოსაგვარებლად. ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარების გამო. მასშტაბური შეთავაზებები დაიგეგმა კონკრეტულად ამ დღისთვის და ძალიან ვწუხვართ, რომ, ტექნიკური პრობლემის გამო მომხმარებლების ნაწილმა ვერ შეძელით შავი პარასკევის ფასდაკლებებით სრულყოფილად სარგებლობა.“

“ნეტგაზეთი”